ჩანაწერებმა საბოლოოდ ფარდა ახადა „ქართულ ოცნებას“ და დაადასტურა ის, რაზეც წლების განმავლობაში ვსაუბრობდით, რომ ისევ გვისმენენ და ისევ გვითვალთვალებენ, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
როგორც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, სამარცხვინოა, როდესაც ხელისუფლებაში მყოფი ძალა, რომელიც სწორედ უკანონო თვალთვალისა და მიყურადების წინააღმდეგ ბრძოლის დროშით მოვიდა ხელისუფლებაში, დაადასტურა, რომ თვითონაც იგივე ბინძურ მეთოდებს იყენებს.
„ამ ქვეყანაში, სადაც ათასობით კადრი იქნა აღმოჩენილი კასრებში და ამის საფუძველზე მოხდა ხელისუფლებაში 2012 წელს ცვლილება, ამ ხელისუფლებამ, რომელმაც გაბედა და იგივე გაიმეორა, პასუხი უნდა აგოს და პასუხს აგებს აუცილებლად. რა თქმა უნდა, თვითონ თავის კუდს არ მოიჭრიან. მე არ ვუსმენ უკანონო ჩანაწერებს, არც პირადი ცხოვრების კადრებს არ ვუყურებ, ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია ასეთი ფორმებით, როდესაც მოქმედებს სახელისუფლებო ძალა“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ტელეკომპანია „იმედმა“ უკრაინულ „ობოზრევატელზე“ დაყრდნობით ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც, სავარაუდოდ, თემურ ალასანია და გუბაზ სანიკიძე, ასევე სალომე სამადაშვილი საუბრობენ.