ანა ნაცვლიშვილი - ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დროულად და ხარისხიანად უნდა სრულდებოდეს
ანა ნაცვლიშვილი - ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დროულად და ხარისხიანად უნდა სრულდებოდეს

საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე იმსჯელეს. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად არასამთავრობო სექტორის მიერ დაკომპლექტებულ მონიტორინგის ჯგუფს შეხვდა.

მონიტორინგის ჯგუფი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, უკვე ოთხი წელია, რაც ქვეყნის ინსტიტუციონალურ და დემოკრატიულ პროცესებს აკვირდებიან. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ საქართველოს მთავარ გამოწვევად მართლმსაჯულების სისტემა და შრომითი უფლებები რჩება.

„პოლიტიკურ ნაწილში იკვეთება მართლმსაჯულების ნაწილი, სადაც ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა რჩება, ასევე საკმაოდ მრავალი კითხვის ნიშანი არის მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებით. საერთო ჯამში, თუ შევხედავთ ამ ოთხი წლის შეჯამებას, ის ვალდებულებები, რაც ამ ოთხი წლის განმავლობაში გვქონდა შესასრულებელი, დიდწილად არის შესრულებული.

ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერი არის შესრულებული, არის საკითხები სადაც არ შესრულდა, მაგალითად განათლების მიმართულებით იყო კანონები, რაც ასოცირების ხელშეკრულებით გვქონდა ნაკისრი და არ მიგვიღია. ასევე ახლა ხდება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ჩამოყალიბება, ასევე ჩამორჩენა გვაქვს შრომის კანონმდებლობასთან და ინსპექციასთან დაკავშირებით. დინამიკა ამ პროცესის სწორი მიმართულებით მიმდინარეობს, მაგრამ დინამიკა არის დაბალი და სწორედ ამ მიმართულებით არი სამუშაო“, – აღნიშნა „ღია საზოგადოება – საქართველოს“ წარმომადგენელმა ვანო ჩხიკვაძემ.

2014 წელს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები კორუფციის, გარემოს დაცვის, სასამართლო სისტემისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით პროცესს აკვირდებიან.

„ასოცირების ხელშეკრულება არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც ემსახურება საქართველოს, როგორც სახელმწიფოს პროგრესს და წინსვლას მთელი რიგი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, რაც ჩვენი მოქალაქეებისა და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. შესაბამისად, აუცილებელია, ყველა ის ვალდებულება, რომელიც აღებული გვაქვს ამ ხელშეკრულების თანახმად, სრულდებოდეს დროულად და ხარისხიანად და ამის შესახებ საზოგადოებაც იყოს ინფორმირებული”-აღნიშნა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, პრეზიდენტს ამ საკითხზე უახლოეს მომავალში შეხვედრები ბრიუსელსა და სხვა დედაქალაქებში ექნება.