ანა ნაცვლიშვილი - არავინ თვლის საზოგადოებას ღირსად, ბატიაშვილის წასვლის მიზეზი აუხსნას
წავიდა და არავინ თვლის საზოგადოებას იმის ღირსად, რომ მიზეზი აუხსნას, მომავალი მინისტრიც ასე გაუგებრად შემოვა სცენაზე და მერე გაუგებრადვე გავა, სისტემა კი იგივე დარჩება – ჩავარდნებითა და ამ ჩავარდნების ასობით მსხვერპლით სავსე, – ასე აფასებს მოძრაობა „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილებას.
როგორც ანა ნაცვლიშვილი აღნიშნავს, განათლების მინისტრზე უფრო სტრატეგიული მაღალი პოსტი ცოტა არსებობს ხელისუფლებაში.
მისივე თქმით, განათლების სისტემა ქმნის ან ვერ ქმნის იმ სივრცეს, საიდანაც ხვალინდელი საქართველოს შემოქმედები გამოდიან.
„განათლების სისტემა განსაზღვრავს, როგორები იქნებიან ხვალინდელი მოქალაქეები და ხელისუფალნი: თავისუფლები, განათლებულები, კრიტიკული აზროვნების უნარებით აღჭურვილები, კაცთმოყვარე და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეები, თუ უცოდინრები, ჩაგვრის და ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ გამოვლილები და შესაბამისად – გაბოროტებულები ან მორალურად გატეხილები, მერიტოკრატიის მოძულენი, პროტექციების მაძებარნი და ა.შ. ზოგი კი ამ სისტემას ფიზიკურადაც შეეწირება. როცა წარსულისა და წასვლის მიზეზები არ ფასდება, პრაქტიკულად გარდაუვალია, რომ მომავალი მინისტრიც ასე გაუგებრად შემოვა სცენაზე და მერე გაუგებრადვე გავა. სისტემა კი იგივე დარჩება – ჩავარდნებითა და ამ ჩავარდნების ასობით მსხვერპლით სავსე“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ანა ნაცვლიშვილის კომენტარს მოძრაობა „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა დღეს დატოვა. როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღო და გეგმავს თავის ენერგია კვლავ მოახმაროს მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას.