ანა ნაცვლიშვილი - არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიში აჩვენებს, რომ სასამართლო სისტემაში პრობლემები კვლავ რჩება
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიში აჩვენებს, პრობლემები დიდწილად კვლავ რჩება სასამართლო სისტემაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ანგარიში არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის იმ მიმართულებით, რომ საანგარიშო პერიოდი ეხება პერიოდს, როდესაც გარკვეულწილად, შეიცვალა კანონმდებლობა და განახლდა საბჭოს შემადგენლობა.
„როგორც ანგარიში აჩვენებს, პრობლემები დიდწილად კვლავ რჩება და იგივე პრობლემები გრძელდება სასამართლო სისტემაში. ეს ნიშნავს იმას, რომ თავად სისტემა არის პრობლემური და ცალკეული საკანონმდებლო ცვლილებები და საბჭოს განახლება ვერ ახდენს ზეგავლენას იმ სისტემაზე, რომლითაც იმართება მართლმსაჯულების სისტემა.
იუსტიციის საბჭო არის არა ფორმატი, რომელიც ზრუნავს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობაზე, პროგრესზე და წინსვლაზე, არამედ ის არის ქცეული ინსტრუმენტად გარკვეული ჯგუფების ხელში, რომ შენარჩუნდეს და გამყარდეს მძიმე ვითარება მართლმსაჯულების მიმართულებით.
დღეს შეხვედრაზე ორმხრივი სურვილი გამოითქვა გარკვეული საკითხების გადასაწყვეტად კონსტრუქციული დიალოგის, თუმცა არანაირ დიალოგს არ ექნება მნიშვნელობა, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან ფუნდამენტურ საკითხზე – რა არის პრობლემა, რომელიც დღეს დგას მართლმსაჯულების წინაშე.
სრულიად სხვაგვარად ხედავს ამ მძიმე ვითარებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო, სრულიად სხვაგვარად ხედავს არასამთავრობო სექტორი და ამ ქვეყნის მოქალაქეების უდიდესი ნაწილი. ამ პირობებში, დიალოგი იქნება ფუჭი, თუ ვერ შევთანხმდით რა არის ის დაავადება, რომელსაც უნდა ვუმკურნალოთ”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
არასამთავრობო სექტორმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში ხარვეზები გამოავლინა.
ანგარიშში შეფასებულია საბჭოს საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა და საბჭოს საქმიანობა მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის, გამჭვირვალობის, სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის წესისა და პრაქტიკის, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის და სხვა მიმართულებით.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პრაქტიკაში სასამართლო სისტემის რეფორმის მესამე ტალღის სათანადო განხორციელება ვერ უზრუნველყო.