ანა ნაცვლიშვილი - ამ ეტაპზე კოალიციად ფორმირების საკითხი არც ერთ პარტიასთან არ განიხილება
ამ ეტაპზე კოალიციად ფორმირების საკითხი არც ერთ პარტიასთან არ განიხილება, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომელმაც უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლელოს“, „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და მოძრაობა „დროას“ ალიანსში შესაძლო გაერთიანებაზე.
ნაცვლიშვილის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია არასწორია.
„არ ვიცი. მე, „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრს, არ მაქვს ეს ინფორმაცია და თქვენ საიდან გაქვთ, არ მგონია, ჩემზე მეტი იცოდეთ პარტიაში მიმდინარე მოვლენებზე. არ ვიცი, ეს შეკითხვა რატომ არის აქტუალური. თქვენ მეუბნებით, რომ გაქვთ ინფორმაცია, მე გეუბნებით, რომ ასეთი ინფორმაცია არასწორია. თუ სიუჟეტი ემსახურება არასწორი ინფორმაციის საუძველზე განცდის შექმნას რაიმე კოალიციის ჩამოყალიბებაზე, გეუბნებით, რომ ასეთი გეგმები დღეს „ლელოს“ არ აქვს. რაც შეეხება, რა შეიძლება გვაერთიანებდეს – ერთ-ერთი მთავარი და უმთავრესი საკითხი, რომელიც „ლელოსთვის“ განმსაზღვრელია ზოგადად სხვა პარტიებთან ურთიერთობის ტონის, ფორმისა და ხარისხის შესარჩევად, არის ქვეყნის საგარეო კურსი, ანუ დასავლური ორიენტაცია. ამ ეტაპზე არ განიხილება კოალიციად ფორმირების საკითხი არც ამ პარტიებთან და არც რომელიღაც სხვა აქტორთან“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.