ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს მხარდამჭერი რეზოლუციის გარეშე ხვდება
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ ისტორიულ გადაწყვეტილებას უკრაინა და მოლდოვა ევროპარლამენტის მკაფიო მხარდამჭერი რეზოლუციით ხვდებიან, საქართველოსთან დაკავშირებით კი ძალიან კრიტიკული რეზოლუციაა მიღებული.
ამასთან, ნაცვლიშვილის თქმით, გუშინდელმა დებატებმა აჩვენა, რომ ევროპარლამენტში საქართველოს ხელისუფლებაზე უკეთ ესმით საფრთხეები, რასაც რუსეთი უქადის და რატომ არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ევროპისკენ სწრაფი ინტეგრირება.
„ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას უკრაინა და მოლდოვა ევროპარლამენტის მკაფიო მხარდამჭერი რეზოლუციით ხვდებიან. მათგან განსხვავებით, „ქართული ოცნების“ დამსახურებით, საქართველო ამ პროცესს მხარდამჭერი რეზოლუციის გარეშე ხვდება. უფრო მეტიც, საქართველოსთან მიმართებით მიღებულია ძალიან კრიტიკული რეზოლუცია. გუშინდელმა დებატებმა აჩვენა, რომ ევროპარლამენტში საქართველოს ხელისუფლებაზე უკეთ ესმით საფრთხეები, რასაც რუსეთი უქადის საქართველოს და საქართველოსთვის რატომ არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ევროპისკენ სწრაფი ინტეგრირება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და თავდაცვის თვალსაზრისით. მაგრამ, მათ, ასევე, ძალიან კარგად ესმით, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საუბარი დემოკრატიაზე, სამართლის უზენაესობაზე, კანონსა და ქვეყნის პროგრესზე „ქართულმა ოცნებამ“ შეუძლებელი გახადა. რაც შეეხება დღევანდელ რეზოლუციას, ამ რეზოლუციაში ქართველი ხალხის მიმართ მკაფიო მხარდაჭერაა, მაგრამ, ამავე დროს, არის ძალიან მკაფიო წითელი ბარათი და უმძიმესი ვერდიქტი პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის მისამართით“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.