ანა ნაცვლიშვილი - 26 მაისი იმდენად წმინდა დღეა, ალბათ ყველას უნდა გვაერთიანებდეს, მაგრამ რეალობა სამწუხაროდ არის, რომ ძალიან ცოტა რამე გვაერთიანებს და ბევრი გვყოფს
26 მაისი არის ის დღე, რომელიც თავისი შინაარსით, დატვირთვით იმდენად მნიშვნელოვანი და წმინდაა, რომ ალბათ ყველას უნდა გვაერთიანებდეს, მაგრამ რეალობა სამწუხაროდ ამ ქვეყანაში არის ის, რომ ძალიან ცოტა რამ გვაერთიანებს და ძალიან ბევრი რამე გვყოფს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.
„პირადად მე, ვიცი 26 მაისს როგორ ვატარებ და გავატარებ ისე, როგორც ამას მკარნახობს ამ ქვეყნის ისტორია და ვალდებულება, პატივი მივაგოთ იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც მოიტანეს ეს ქვეყანა. ასევე იმ ადამიანებს დავუდგეთ გვერდით, რომლებზე ეს ქვეყანა დღეს დგას. ვფიქრობ, რომ თუნდაც არა ფიზიკურად ერთ სივრცეში მაგრამ, სიმბოლურად გაერთიანებას მაინც შევძლებთ, ამ თარიღთან დაკავშირებით, მაინც არ უნდა იყოს ბზარები“, – განაცხდა ანა ნაცვლიშვილმა.
კითხვაზე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ შესაძლებელია, ამ აქციის უკან ირიბად რუსეთი იდგეს, ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ამ საკითხის დაყენება არის აბსოლუტურად ცინიკური.
„არსებობს სტანდარტი, როგორ უნდა შენდებოდეს ჰიდროელექტროსადგურები. ამ სტანდარტის ხელმომწერი საქართველოც არის, მაშინ როდესაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი მოვაწერეთ. იქ არის ძალიან კონკრეტული მითითებები, როგორი გარემოსდაცვითი სტანდარტი უნდა იყოს დაცული, რომელიც ნამახვანთან მიმართებაში დაცული არ არის. ისევე როგორც გამჭვირვალე, საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულად და საზოგადოების ჩართულობით უნდა მოქმედებდეს ხელისუფლება. ხელისუფლებამ, რომელმაც ყველა ეს სტანდარტი დაარღვია და ადამიანებს, რომლებსაც კითხვები აქვთ საკუთარ საცხოვრებელთან, საკუთარ ქვეყანასთან დაკავშირებით და ამ კითხვებს ფრაგმენტულად ან ცინიკურად, ძირითადად საპოლიციო ძალებით პასუხობს, მერე ასეთი კითხვების დასმა სასაცილოა“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.