ანა მიქელაძე - უცხო ქვეყნის მოქალაქის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის ფაქტი ჯერ არ დადასტურებულა
უცხო ქვეყნის მოქალაქის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის ფაქტი ჯერ არ დადასტურებულა, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ მიხეილ სააკაშვილზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მისი თქმით, კანონმდებლობით უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს უფლება, ჩაერთოს წინასაარჩევნო კამპანიაში. როგორც მიქელაძემ აღნიშნა, თუ იქნება მსგავსი ფაქტი, საარჩევნო ადმინისტრაცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად.
„თუ იქნება მსგავსი ფაქტი, ცესკო-ს ექნება შესაბამისი, კანონისმიერი რეაგირება. წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო, თუმცა აღნიშნული პიროვნება არ არის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული. კანონმდებლობით განსაზღვრულია შესაბამისი კრიტერიუმები, როდის არის მოქალაქე ან პარტია ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში და ვის ეკრძალება წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღება. მათ შორის ერთ-ერთი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე. თუ იქნება მსგავსი პრეცედენტი, საარჩევნო ადმინისტრაციას მანამდეც მიუღია მსგავსი გადაწყვეტილებები და ახლაც იმოქმედებს კანონის შესაბამისად“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.