ანა მიქელაძე - თუკი რომელიმე პარტიის კოორდინატორს საარჩევნო უბნის გარეთ აქვს ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია და ახორციელებს საქმიანობას, ეს დარღვევა არ არის
თუკი რომელიმე პარტიის კოორდინატორს საარჩევნო უბნის გარეთ აქვს ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია და მისი მეშვეობით ახორციელებს თავის საქმიანობას, ეს კანონმდებლობის მიხედვით, დარღვევა არ არის, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია, მიწოდებული ჰქონდა არჩევნებში ჩართული ყველა მხარეს, რომლებმაც მოითხოვეს აღნიშნული სიის გადაცემა.
„რაც შეეხება სამაგიდო სიებს და ზოგადად სიებს, არსებობს სიის სამაგიდო ვერსია, რომელიც აქვთ მხოლოდ რეგისტრატორებს და არსებობს სიის საჯარო ვერსია, რომელიც არის გაკრული. ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია, მიწოდებული ჰქონდა არჩევნებში ჩართული ყველა მხარეს, რომლებმაც მოითხოვეს აღნიშნული სიის გადაცემა, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებსა და ასევე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. შესაბამისად, თუკი გარეთ, რომელიმე კოორდინატორს აქვს ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია და მისი მეშვეობით ახორციელებს თავის საქმიანობას, ეს კანონმდებლობის მიხედვით დარღვევა არ არის”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
მისივე თქმით, სიების საჯარო ვერსიას ახლავს ფოტოები, თუმცა მასზე არ არის დატანილი პირადობის მოწმობის ნომერი.
ამასთან, ანა მიქელაძემ საარჩევნო აგიტაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, აგიტაცია უშუალოდ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შენობაში, იქ სადაც მიმდინარეობს კენჭისყრის პროცედურა კანონმდებლობით აკრძალულია, საარჩევნო უბნის გარეთ აგიტაცია არის დასაშვები.
„ხმის მიცემის პროცესი არის ფარული, თუმცა ჩვენ ამომრჩევლებს ასევე მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამგვარი ქმედებებისგან. იმ შემთხვევაში თუკი თავად ამომრჩეველი აცნობებს ამის შესახებ ინფორმაციას, თუ ვის მისცა ხმა, კანონმდებლობის მიხედვით, ეს დარღვევა არ არის. თუმცა ჩვენ საარჩევნო უბანზე რა თქმა უნდა, ვითხოვთ და მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, თავი შეიკავონ ამგვარი ქმედებისაგან. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, კაბინაში აკრძალულია ფოტო-ვიდეო გადაღება და ხმის მიცემის პროცესი არის ფარული”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.