ანა მიქელაძე - საარჩევნო ადმინისტრაცია პარტიების რეკომენდაციებს გაეცნო და ცესკო-ს პოზიციას უახლოეს მომავალში მოგაწვდით
პოლიტიკური პარტიების შეთავაზებულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისია საკუთარ პოზიციას უახლოეს მომავალში დააფიქსირებს, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ ოპოზიციური პარტიების მიმართვასთან დაკავშირებით განაცხადა.
ამასთან, ანა მიქელაძის განცხადებით, უკვე დაკომპლექტებულია საოლქო საარჩევნო კომისიები, საუბნო კომისიების დაკომპლექტების მიზნით კი, კონკურსები გამოცხადდება.
„საოლქო საარჩევნო კომისიები უკვე არის დაკომპლექტებული. საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება კი, ახლა დაიწყება და ამასთან დაკავშირებით კონკურსები გამოცხადდება. რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების მიერ შემოთავაზებულ რეკომენდაციებს, რა თქმა უნდა, საარჩევნო ადმინისტრაცია რეკომენდაციებს გაეცნო და ცენტრალური საარჩევნო კომისიის პოზიციას უფრო დეტალურად უახლოეს მომავალში მოგაწვდით“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
პოლიტიკური პარტიები ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ერთობლივი განცხადებით მიმართავენ. პარტიები საპრეზიდენტო არჩევნების მზადების პროცესში ცესკო-ს რამდენიმე ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ არჩევნების სანდოობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებისას ცესკო-მ გამჭვირვალობის და მიუკერძოებლობის უმაღლესი სტანდარტით იხელმძღვანელოს.