ანა მიქელაძე - ჩვენი პოზიციაა, საკარანტინო სივრცეებში მყოფ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდეთ, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული არ არის
ჩვენი პოზიციაა, რომ საკარანტინო სივრცეებში მყოფ ამომრჩევლებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საარჩევნო გარემოში წარიმართოს.
„აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული. საარჩევნო კანონმდებლობაში შესული ახალი ცვლილებების თანახმად, სწორედ ცესკო იღებს გადაწყვეტილებას საკარანტინო ზონებში ან საკარანტინო სივრცეებში არჩევნების ჩატარებასთან ან არჩატარებასთან დაკავშირებით. თუმცა, აქ უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს ჯანდაცვის ექსპერტებისა და სპეციალისტთა რეკომენდაციები. ჩვენი პოზიციაა, საკარანტინო სივრცეებში მყოფ ამომრჩევლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. თუმცა, როგორც გავრცელდა ინფორმაცია, შესაძლებელია ამ საკარანტინო სივრცეებში ასევე იმყოფებოდნენ კოვიდინფიცირებული პაციენტებიც, რომლებსაც არ აქვთ სიმპტომები გამოხატული. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაციას მოუწევს გარკვეული დიფერენცირება. მთავარია აღინიშნოს, რომ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნები წარიმართოს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საარჩევნო გარემოში. თითოეულ მოქალაქეს, რასაკვირველია, უნდა ჰქონდეს უფლება მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა ამავდროულად გასათვალისწინებელია ის ადამიანები, რომლებიც ჩართულნი არიან საარჩევნო პროცესში. ესენი გახლავთ საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები, დამკვირვებლები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მედია, და ეს საკითხი უნდა იყოს განხილული ისე, რომ საერთო კონსენსუსი იყოს მიღწეული“, – განაცხადა მიქელაძემ.
მისივე თქმით, პირველ სექტემბერს, პირველსავე სხდომაზე ცესკოს კომისიამ დადგენილებით განსაზღვრა ის წესები, რომლებიც საარჩევნო პერიოდში, საარჩევნო ადმინისტრაციასთან ურთიერთობაში მოქმედებს.
„ამ წესებს იცავენ საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეები და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლები. რაც შეეხება უშუალოდ არჩევნების დღეს, ამ პროტოკოლზე მიმდინარეობს მუშაობა და რა თქმა უნდა, ის იქნება საზოგადოებისათვის და არჩევნებში ჩართული თითოეული მხარისთვის ცნობილი. არჩევნებამდე დარჩენილია ორი თვე. საუბნო-საარჩევნო კომისიები პირველ სხდომას მართავენ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს საკმარისი ვადები, რათა შესაბამისად იყოს პროტოკოლი შემუშავებული და საზოგადოებისთვისაც ინფორმაცია მიწოდებული. საკარანტინო ზონებში შესაძლებელია გაიხსნას საარჩევნო უბანი და შესაძლებელია იყოს გადასატანი საარჩევნო ყუთიც. ეს არის დამოკიდებული რეგისტრირებული ამომრჩევლის რიცხვზე, თუ რა რაოდენობა იქნება განთავსებული საკარანტინო ზონებში“, – განაცხადა მიქელაძემ.