ანა მიქელაძე - ცესკო ყველა საჩივარს კანონით დადგენილ ვადებში განიხილავს
ცენტრალური საარჩევნო კომისია ყველა საჩივარს კანონით დადგენილი წესით, დადგენილ ვადებში განიხილავს, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, კენჭისყრის პროცესმა მთელს ქვეყანაში მშვიდ ვითარებაში და განსაკუთრებული დარღვევების გარეშე ჩაიარა. როგორც ანა მიქელაძემ აღნიშნა, იყო გარკვეული ტიპის ხარვეზები, რომლებზეც უმრავლეს შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაციას უბნებზევე ჰქონდა რეაგირება.
„დღეს ცესკო-ს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში შემოვიდა 739 ზარი და 522 შეტყობინება ონლაინ ჩატის საშუალებით. მათი დიდი ნაწილი ამომრჩევლების მიერ სიაში გადამოწმებასა და საარჩევნო უბნის მისამართებისა და საარჩევნო პროცედურების დაზუსტებას შეეხებოდა. კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ, დაიწყო ხმის დათვლის პროცედურები. საარჩევნო უბანზე ყველა ოფიციალური პროცედურის დასრულების შემდეგ, საუბნო შემაჯამებელი ოქმები მიეწოდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
მისი ინფორმაციით, საერთო ჯამში, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულია 261 საჩივარი.
„საჩივრები დაწერილია ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერ. საოლქო საარჩევნო კომისიებში შეტანილი საჩივრების უმეტესობის ძირითადი მოთხოვნა კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხიმგებლობის დაკისრებაა. თუმცა ასევე ერთეულ შემთხვევებში, საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგების ბათილობაა მოთხოვნილი. ყველა საჩივარს საარჩევნო ადმინსიტრაცია განიხილავს კანონით დადგენილი წესითა და ვადების დაცვით“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.