ანა მიქელაძე - ცესკო-ში პარტიის წარმომადგენლად დანიშნულ პირს შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე საოლქო საარჩევნო კომისიაში სხდომებზე დასწრების უფლება არ აქვს
ცესკო-ში პარტიის წარმომადგენლად დანიშნულ პირს შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე საოლქო საარჩევნო კომისიაში სხდომებზე დასწრების უფლება არ აქვს, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა.
მიქელაძის თქმით, საარჩევნო კანონმდებლობით დეტალურადაა განსაზღვრული პირთა წრე, რომლებსაც აქვთ უფლება, დაესწრონ საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომებს.
„თუ პირი არის პარტიის წარმომადგენლად დანიშნული ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, მას აქვს უფლება, დაესწროს ცესკო-ს სხდომებს, თუმცა არ აქვს უფლება დაესწროს საოლქო საარჩევნო კომისიაში მიმდინარე სხდომებს. ამასთან, შესაბამისი წესები მოქმედებს მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის. მათ უნდა ჰქონდეთ გავლილი დადგენილი წესით შესაბამისი აკრედიტაცია და მხოლოდ ამ აკრედიტაციით შეუძლიათ, იმყოფებოდნენ შესაბამის საარჩევნო ადმინისტრაციაში. არაუფლებამოსილი პირის მიერ კომისიის სხდომაზე შეჭრა განიხილება როგორც ადმინისტრაციის საქმიანობაში ჩარევა“,- განაცხადა ანა მიქელაძემ.
ცესკო-ს პრესსპიკერი ამ განცხადებით ოპოზიციის დღევანდელ განცხადებებს გამოეხმაურა. მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიაში მიმდინარე სხდომაზე დღეს ოპოზიციური პარტიის წევრები დასწრებას ითხოვდნენ. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევა კანონდარღვევით ხდება.