ანა მიქელაძე - ცესკო-ს ვებგვერდზე ჩვენ ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია დაუყოვნებლივ ქვეყნდება
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე ჩვენ ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია დაუყოვნებლივ ქვეყნდება, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა.
„შეგიძლიათ, ცესკო-ს ვებგვერდს თვალი ადევნოთ, სადაც დაუყოვნებლივ ვრცელდება ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაცია. პირველი ბრიფინგი დროულად ჩავატარეთ, მეორე ბრიფინგზეც დრულად მოგაწოდეთ დეტალური ინფორმაცია. მესამე ბრიფინგზე დაახლოებით 20 წუთი დაგვაგვიანდა ინფორმაციის მოწოდება და შემდეგ თავად ხართ მომსწრე, რომ ჩვენ დაგელოდეთ ჟურნალისტებს, რათა ყოფილიყო ეთერი და ინფორმაცია მაშინვე მოგაწოდეთ“, – განუცხადა მიქელაძემ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია ცდილობს, როგორც ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ, ასევე არჩევნებთან დაკაშირებული სხვა ინფორმაცია მედიასა და საზოგადოებას მაქსიმალურად დროულად და მყისიერად მიაწოდოს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ცესკო-ს ვებგვერდი ხარვეზებით მუშაობს, დროულად არ იტვირთება ინფორმაცია აქტივობის შესახებ, რაც მისივე თქმით, შესაძლოა, ხელისუფლებამ არჩევნების შედეგების მანიპულაციისთვის გამოიყენოს.