ანა მიქელაძე - ცესკო-ს საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის არანაირი ინსტრუქცია არ გაუგზავნია
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) არანაირი ინსტრუქცია არ გაუგზავნია საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ გიორგი ვაშაძის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის უცნობია, რა წერილზეა საუბრობს გიორგი ვაშაძე.
როგორც მიქელაძემ განმარტა, საარჩევნო ადმინისტრაცია ყოველთვის აცხადებდა, რომ კონკურსებზე გასაუბრება არ არის ვალდებულება და საკანონმდებლო მოთხოვნა, თუმცა კომისიის ნებისმიერ წევრს აქვს უფლებამოსილება დაიბაროს კონკურსანტი გასაუბრებაზე, მისი თანხმობის შემთხვევაში, გაესაუბროს პირისპირ თითოეულ კონკურსანტს და ამის შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება.
„მსგავსი პრაქტიკა საარჩევნო ადმინისტრაციაში არსებობს და არაერთხელ განხორციელებულა, როდესაც უშუალოდ კომისიის წევრი საკუთარი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, იბარებს კონკურსანტებს გასაუბრებაზე. ცესკო-ს მსგავსი წერილი არ მიუწოდებია არცერთი საოლქო საარჩევნო კომისიისთვის. ჩვენთვის უცნობია, რა წერილზეა საუბარი“, – აღნიშნა მან.
ამასთან, მიქელაძემ ცესკო-ს მისამართით მსგავსი ტიპის განცხადებებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანმიმართული დისკრედიტაცია უწოდა.
„მიზანმიმართულ დისკრედიტაციასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რამდენიმე კვირის წინ ჰქონდა განცხადება და შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები ასევე ემსახურება საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მათ მოიპოვეს დოკუმენტაცია, სადაც ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას მითითებით, კომისიის დამოუკიდებელ წევრებს პირდაპირი მითითება ეძლევათ, როგორ მოიქცნენ. მისი თქმით, საუბარია მოთხოვნაზე, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიის პროფესიული დამოუკიდებელი ნიშნით შესარჩევ წევრებთან გასაუბრების ჩატარებასთან დაკავშირებით ოპოზიციურმა პარტიებმა დააყენეს. ვაშაძის თქმით, საოლქო კომისიის წევრებს მითითებებს აძლევენ, რომ სხდომაზე ამ მოთხოვნის დაყენების შემთხვევაში, საკითხი კენჭისყრაზე საერთოდ არ გაიტანონ.