ანა მიქელაძე - საარჩევნო ადმინისტრაცია საჭიროების შემთხვევაში ამომრჩეველს პირბადით უზრუნველყოფს, ვმუშაობთ ინდივიდუალური კალმის შეთავაზებაზეც, ამ ეტაპზე სიცხის გაზომვა არ განიხილება
მაქსიმალურად შევისწავლეთ სხვა ქვეყნების გამოცდილება. ქვეყნების, რომლებმაც ახლახან პანდემიის პირობებში არჩევნები ჩაატარეს, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განცხადა.
მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა, რათა საჭიროების შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველი პირბადით უზრუნველყოს. ამასთან, როგორც მიქელაძემ აღნიშნა, შესაძლოა ადმინისტრაციამ ამომრჩეველს ინდივიდუალური კალამიც შესთავაზოს.
„მაქსიმალურად შევისწავლეთ სხვა ქვეყნების გამოცდილება. ქვეყნების, რომლებმაც ახლახან პანდემიის პირობებში არჩევნები ჩაატარეს. ვმუშაობთ საკითხზე, რომ ამომრჩეველი, რომელსაც არ ექნება პირბადე, რა თქმა უნდა, ვერ შევა საარჩევნო უბანზე, თუმცა მას საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს პირბადით. ასევე ვვარაუდობთ და ვმუშაობთ იმაზე, რომ ამომრჩეველს შევთავაზოთ ინდივიდუალური კალამი“, – განაცხადა მიქელაძემ.
ამასთან, როგორც მიქელაძემ აღნიშნა, არჩევნები მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში ჩატარდება. მისივე თქმით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლისთვის სიცხის გაზომვას არ განიხილავენ.
„რაც შეეხება საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრებს, ბუნებრივია, ბარიერი რომ იყოს, ისინი აღჭურვილი იქნებიან შესაბამისი ფარებით. გარდა ამისა, პირბადეებით, ერთჯერადი ხელთათმანებით. ასევე, სისტემატურად მოხდება საუბნო-საარჩევნო კომისიების დამუშავება სპეციალური ხსნარებით და იმედი გვაქვს, ეს პროცესი წარიმართება ჯანმრთელობისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში. მას შემდეგ, რაც საუბნო-საარჩევნო კომისიები დაიწყებენ ფუნქციონირებას, ნებისმიერი პირი, ვინც შევა უბანზე, კომისიის წევრები თუ პარტიების წარმომადგენლები, ვალდებულნი იქნებიან, გაიარონ თერმოსკრინინგი. ეს წესი მოქმედებს საოლქო-საარჩევნო კომისიებზეც. ამ ეტაპზე არჩევნების დღეს ამომრჩევლისთვის სიცხის გაზომვა არ განიხილება“, – აღნიშნა მიქელაძემ.