ანა მიქელაძე - ამომრჩეველი არ არის ვალდებული აჩვენოს ან გადასცეს პირადობის დოკუმენტი უბანზე მყოფ რომელიმე პირს, გარდა, კომისიის წევრისა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ უბნებზე დამკვირვებლებისა და წარმომადგენლების მიერ ამომრჩევლთა პირადობის მოწმობების შემოწმებისა და უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე კოორდინატორების მიერ ამომრჩევლების აქტივობის აღრიცხვასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება.
როგორც ანა მიქელაძემ აღნიშნა, დაფიქსირდა დამკვირვებლებისა და წამომადგენლების მიერ ამომრჩევლების პირადობის მოწმობების შემოწმება, მათ შორის, გამორთმევა და მონაცემების ჩანიშვნა.
„ამომრჩეველს არ აქვს ვალდებულება, აჩვენოს ან გადასცეს პირადობის დოკუმენტი უბანზე ყოფნის უფლების მქონე არც ერთ პირს, გარდა, საარჩევნო უბნის კომისიის წევრისა. მხოლოდ ნაკადის მომწესრიგებელსა და რეგისტრატორს აქვთ უფლება, მოსთხოვონ ამომრჩეველს პირადობის მოწმობა და დაამუშაონ მონაცემები კენჭისყრაში მონაწილეობის მიზნით. ამასთან, დამკვირვებლებს აქვთ ყველა პროცესზე დაკვირვების უფლება, თუმცა ისე, რომ არ შეაფერხონ ამომრჩეველი, ხელი არ შეუშალონ პროცესსა და კომისიის მუშაობას“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
ასევე მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციაში შედის ინფორმაცია და კითხვები საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. კოორდინატორების მიერ ამომრჩევლების აქტივობის აღრიცხვასთან დაკავშირებით და შესაბამისი რეაგირების მოთხოვნით.
„აღნიშნულ თემაზე გავრცელდა ვიდეოკადრებიც და ინფორმაცია, თითქოს ხდება სამაგიდო სიების გამოყენება. პარტიებსა და დამკვირვებელ ორგანიზაციებს აქვთ უფლება, გამოითხოვონ და მიიღონ ამომრჩეველთა სიის ფოტოებიანი ვერსია. აღნიშნულ კადრებში ფიქსირდება არა სამაგიდო სია, არამედ სავარაუდოდ უფლებამოსილ პირებზე კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული სია.
რაც შეეხება რეაგირებას, საარჩევნო ადმინისტრაცია ახორციელებს უფლებამოსილებას კენჭისყრის შენობაში და კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, უზრუნველყოფს, რომ არ მოხდეს ამომრჩევლების პირადი მონაცემების დამუშავება“, – აღნიშნა მიქელაძემ.
ამასთან, მისი განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობა არ კრძალავს ნებისმიერი პირის მიერ ამომრჩევლის აქტივობის აღწერას უბნის გარე ტერიტორიაზე, თუმცა ამ პროცესმა არ უნდა შეაფერხოს ამომრჩევლის ნების თავისუფლად განხორციელება.
დღეს ხუთ მუნიციპალიტეტში მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება – მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ხულოსა და ზუგდიდში. მერების რიგგარეშე არჩევნების პარალელურად, საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს რვა მუნიციპალიტეტში. თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ საგარეჯოში, ადიგენში, ახმეტაში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში. ასევე, დღეს მთაწმინდის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება.