ანა ლიურმანი - მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას და ყველას საქართველოში, გააკეთონ ყველაფერი, რათა აჩვენონ თავიანთი ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი, გააგრძელონ რეფორმები
პირველად ვიმყოფები საქართველოში და უნდა ვთქვა, რომ ჩემზე საკმაოდ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ხალხის სტუმართმოყვარეობამ, მეგობრულმა განწყობამ და ქვეყნის ევროპული პერსპექტივისადმი ერთგულებამ, ჩვენ ძლიერ ვემხრობით ევროკავშირის გაფართოებას, – ამის შესახებ ევროპისა და კლიმატის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანა ლიურმანმა განაცხადა.
ლიურმანის თქმით, იმედია, რომ საქართველოს მთავრობა რეფორმების გზაზე პროგრესს მიაღწევს.
„ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენ გაერთიანებას უფრო ძლიერს და უკეთესს გახდის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენს ინტერესებშია, რომ ამ პროცესმა წინ წაიწიოს. ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა პროგრესს მიაღწევს რეფორმების გზაზე იმ პრიორიტეტებთან დაკავშირებით, რომლებიც განსაზღვრა ევროკომისიამ იმისთვის, რომ ევროკომისიამ შეძლოს თვის ბოლოს დადებითი ანგარიშის გამოქვეყნება და წევრი სახელმწიფოების ლიდერების ინფორმირება, რომლებიც დეკემბერში შეიკრიბებიან საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილების მისაღებად. შესაბამისად, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას და ყველას საქართველოში, გააკეთონ ყველაფერი, რაც ძალუძთ, რათა აჩვენონ თავიანთი ერთგულება ევროპული პერსპექტივისადმი, ევროპული ღირებულებებისა და იდეებისადმი და ბოლო მომენტამდე გააგრძელონ რეფორმები“, – განაცხადა ლიურმანმა.
ამასთან, ანა ლიურმანმა აღნიშნა, რომ ახლა არის ისტორიული მომენტი, შესაძლებლობის ფანჯარა და ევროკავშირის გაფართოება ყველა ევროპულ დედაქალაქში მთავარი პირორიტეტია.
„ჩვენ ძლიერ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება დამოკიდებულია მხოლოდ რეფორმების ტემპზე, რომლებიც მანამდე განხორციელდება აქ, საქრთველოში. როგორც აღვნიშნე, ბოლო მომენტამდე არის შანსი, აჩვენოთ ევროპას, ევროპულ კომისიას, რომ საქართველო ასრულებს რეფორმებს, როგორც ეს ევროკომისიამ ცოტა ხნის წინ აღნიშნა. ყველაფერი დამოკიდებულია ამაზე. საჭიროა რამდენიმე რეფორმა მართლმსაჯულების, მედიის სფეროში და რამდენიმე სხვა, რაც აღინიშნა ევროკომისიის მიერ. ევროპა მომწიფებულია გაფართოებისთვის და კითხვა მდგომარეობს არა იმაში, მოხდება თუ არა გაფართოება ან როდის მოხდება ის, რადგან ყველა ვთანხმდებით, რომ ის უნდა მოხდეს, რაც შეიძლება მალე, კითხვა მდგომარეობს იმაში, როგორ უნდა მოხდეს. ეს დამოკიდებულია რეფორმების ტემპზე“, – განაცხადა ანა ლიურმანმა.
ანა ლიურმანმა საქართველოს მთავრობას და ოპოზიციას ერთად მუშაობისკენ მოუწოდა.
„ჩვენ დეტალურად წავიკითხავთ ევროკომისიის ანგარიშს, რადგან ევროკომისია არის ვროკავშირის წესდების მცველი. ასე რომ, ჩვენი მოსაზრება ამ პროცესთან დაკავშირებით იქნება იმის რელევანტური, რას დაწერს ევროკომისია ამ ანგარიშში. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩვენ, ყველა ევროპელმა ვიმუშაოთ ერთად, იმ ევროპელებმა, რომლებიც უკვე ვართ ევროკავშირში და მათ, ვისაც სურს გაწევრიანება, რადგან საბოლოო ჯამში, ევროკავშირი არის ერთიანობის, ერთად მუშაობის პროექტი. ასე რომ, მე მოვუწოდებ მთავრობასაც და ოპოზიციასაც საქართველოში, იმუშაონ ერთად ამ მნიშვნელოვან პროექტზე, რადგან ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ცოტა ხნის წინ თქვა, ჩვენ არ ვიღებთ მთავრობებს ევროკავშირში, ჩვენ ვიღებთ ქვეყნებს, ქვეყნებს ოპოზიციის, სხვადასხვა ინსტიტუის ჩათვლით“, – აღნიშნა ანა ლიურმანმა.