ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები მხარს უჭერენ
ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები მხარს უჭერენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე პრეზიდენტისადმი მიმართვას მხარს უჭერენ საბჭოს მოსამართლე წევრები.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, არაერთხელ აღინიშნა, როგორც იუსტიციის საბჭოს სხდომის, ასევე სხვა ფორმატშიც, რომ ანა დოლიძე ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას.

მისი თქმით, არსებობს საფუძველი იმისა, რომ საბჭომ ხმამაღლა განაცხადოს ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.

ამასთან, საბჭოს მოსამართლე წევრმა, ირაკლი შენგელიამ სხდომაზე წარმოადგინა დოკუმენტები, რომლითაც მისი თქმით, მტკიცდება, რომ ანა დოლიძე საია-ს გამგეობის წევრია და ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის გამგეობის თავმჯდომარეა. ირაკლი შენგელიას თქმით, ამ გარემოებების მიხედვითაც არ შეიძლება ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი იყოს.

ამასთან, როგორც შენგელიამ აღნიშნა, ანა დოლიძემ რამდენჯერმე მიზანმიმართულად გაავრცელა ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაცია სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით და მისი უსაფუძვლო ბრალდებები არღვევს ეთიკას.

„იუსტიციის საბჭო არ არის ის ადგილი, სადაც პოლიტიკა უნდა აკეთოს. გამოკვეთილია მისი პოლიტიკური მიზნები, რომ ის დიდ პოლიტიკას შეეჭიდა“, – განაცხადა შენგელიამ.

ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს უჭერს მოსამართლე წევრი რევაზ ნადარაია.

„ვიზიარებ აღნიშნულ წარდგინებას. დიდი ხანია, გამაჩნია აზრი, რომ ეს ასე უნდა მომხდარიყო. საკმარისად არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომ ის ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას, რაც საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელი“, – განაცხადა ნადარაიამ.

ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ეთანხმება საბჭოს კიდევ ერთი მოსამართლე წევრი ირაკლი ბონდარენკო.

„ვეთანხმები აღნიშნულ მიმართვას და მხარს ვუჭერ. საბჭოს წევრები ვერ გავხდებით დოლიძის თანამონაწილეები მის საქმიანობაში. ჩვენი დუმილი ავტომატურად გვხდის თანამონაწილედ მის საქმიანობაში. ამიტომ გადასადგმელია ქმედითი ნაბიჯები“, – განაცხადა ბონდარენკომ.

დოლიძის გაწვევის მომხრეა მოსამართლე წევრი ვასილ მშვენიერაძეც.

ამასთან, მოსამართლე წევრების განცხადებით, მათ აზრთა სხვადასხვაობა და მწვავე პოლემიკა გააჩნიათ ნაზი ჯანეზაშვილის მიმართ, თუმცა მის მიმართ გაწვევის მოთხოვნის აუცილებლობა არ დგას იმ მიზეზით, რომ იგი არ ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას.

რაც შეეხება ნაზი ჯანეზაშვილს, პრეზიდენტისადმი ამ მიმართვას ის არ იზიარებს და მხარს არ უჭერს. რაც შეეხება სხვა არამოსამართლე წევრებს, მათ სხდომაზე ჯერჯერობით პოზიცია არ დაუფიქსირებიათ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძეს საბჭოში უფლებამოსილება შეუწყვიტოს. მიმართვა გვრიტიშვილმა დღეს საბჭოს წევრებს გააცნო.