ანა დოლიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, ილონა თოდუასთან გასაუბრების პროცესზე თვითაცილება მოახდინა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, ილონა თოდუასთან გასაუბრების პროცესს არ ესწრება.
ანა დოლიძემ გასაუბრების დაწყებამდე თვითაცილების საკითხი დააყენა და განმარტა, რომ ამის საფუძველი, მის მიერ კანდიდატის მისამართით გაკეთებული საჯარო განცხადებებია. დოლიძემ კოლეგებს მოუწოდა, მსგავს შემთხვევებში მათაც მიმართონ თვითაცილების მექანიზმს.
„მსურს თვითაცილება დავაყენო ქალბატონ ილონასთან მიმართებაში. ამით თქვენ, საბჭოს სხვა წევრებს მოგიწოდებთ, დაიცვათ იგივე სტანდარტი. ილონა თოდუა არც ჩემი რძალია, არც ჩემი ნათესავი ან ოჯახის წევრი. მიუხედავად ამისა, მე გამოთქმული მაქვს საჯარო მოსაზრება მასთან დაკავშირებით და ეს მოსაზრება, ასევე ეხება ჩემს საქმიანობას ე.წ წინააღმდეგობის მოძრაობაში, ბევრად ადრე, ვიდრე იუსტიციის საბჭოს წევრი გავხდებოდი. შესაბამისად, რადგანაც ამ კანდიდატთან მიმართებით ჩემი აზრი მაქვს გამოთქმული, ვფიქრობ, მე არ უნდა მივიღო მონაწილეობა გადაწყვეტილების (მოსამართლეთა 20 კაციან სიაში მოხვედრის ან არ მოხვედრის შესახებ) მიღებაში“, – განაცხადა ანა დოლიძემ.