ანა დოლიძემ სოფელ ჩორჩანას ტყის ის ნაწილი დაათვალიერა, სადაც ოკუპანტებს ხეები ყვითელი საღებავებით აქვთ მონიშნული
ანა დოლიძემ სოფელ ჩორჩანას ტყის ის ნაწილი დაათვალიერა, სადაც ოკუპანტებს ხეები ყვითელი საღებავებით აქვთ მონიშნული

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე დღეს საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა და სოფელ ჩორჩანას ტყის ის ნაწილი დაათვალიერა, სადაც ოკუპანტების მიერ ხეები ყვითელი საღებავებითაა მონიშნული.

ანა დოლიძე ადგილზე ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრებთან ერთად გაემგზავრა და ჩორჩანას ტყეში სოფელ აბანოდან მიმავალი გზით შევიდა. ხეები ყვითელი საღებავებით ტყეში რამდენიმე ასეულ მეტრზეა მონიშნული.

„სამოქალაქო აქტივობა ანტიოკუპაციის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ყველა ჩვენგანი უამრავ რამეს უნდა ვაკეთებდით, რათა გვახსოვდეს, რომ ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებულია“, – განაცხადა დოლიძემ.

მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ოკუპაცია დასრულდეს.

„ოკუპაცია მიუღებელია. ოკუპაცია ყველაზე კარგად და ხელშესახებად, რა თქმა უნდა, მავთულხლართებთან და ნიშნულებიდან ჩანს. ეს არის რეალური სიმბოლო, რომ ოკუპაცია ხორციელდება“, – განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა.

საოკუპაციო ხაზის დათვალიერების შემდეგ ანა დოლიძე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გორის ოფისში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ადვოკატებს შეხვდება. შემდეგ კი, გორის რაიონულ სასამართლოში მივა.