ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რომ არ ვიყოთ პოლარიზების ტყვეობაში მყოფი პოლიტიკოსების იმედად, ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ უნდა გავერთიანდეთ იმ იდეების გარშემო, რომელიც უკეთეს ცხოვრებას არა არჩევნების შემდეგ, არამედ ყოველ დღე, ყოველ კვირა და ყოველ თვე მოგვიტანს. ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ უნდა ავიღოთ მის მომავალზე პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ ანა დოლიძემ განაცხადა, რომელმაც დღეს სამოქალაქო მოძრაობა „ხალხისთვის“ დააფუძნა.
როგორც მოძრაობის ლიდერი აღნიშნავს, მოძრაობის მიზანია სუფთა ხელებით, ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნა – ხალხის ხელისუფლება ხალხისთვის!
„ჩვენ ვირჩევთ მშვიდობას და დღის წესრიგს „პოლარიზაციის მიღმა“, „…ისტების“ დრო უნდა დასრულდეს; ჩვენ ვირჩევთ სწრაფ სვლას მომავლისკენ და არა დაუსრულებელ ქექვას წარსულში; ჩვენ გთავაზობთ სახალხო სივრცეს, სადაც ერთად ავიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენს მომავალზე – ეს ქვეყანა ჩვენია! ჩვენ მოვიგებთ ომს შიმშილთან, გვჯერა, რომ შესაძლებელია საქართველოს პოტენციალით ეკონომიკური ნახტომის გაკეთება; ჩვენ შევქმნით სამართლიან მართლმსაჯულების სისტემას; ჩვენ დავტოვებთ კორუფციას და ნეპოტიზმს წარსულში და შევქმნით კარგ მმართველობას, რომელიც წაიყვანს ქვეყანას წინ. ჩვენ შევქმნით ქართულ კულტურულ ფასეულობებზე დამყარებულ ევროინტეგრაციის ამოცანებთან და სწრაფ განვითარებასთან თანხვედრ ქვეყანას; შევქმნათ სამართლიან, თანასწორობაზე დაფუძნებულ ჯანსაღ გარემოს; ჩვენ უნდა შევქმნათ მუხტი და დავიბრუნოთ რწმენა სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის, – ასე მიმართა ანა დოლიძემ მანიფესტით ხალხს და მათ გაერთიანებისკენ მოუწოდა.