ანა დოლიძემ მოსამართლეობის კანდიდატ დავით კეკენაძესთან გასაუბრებისას თვითაცილების საკითხი დააყენა
ანა დოლიძემ მოსამართლეობის კანდიდატ დავით კეკენაძესთან გასაუბრებისას თვითაცილების საკითხი დააყენა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის მსურველ კანდიდატთან, დავით კეკენაძესთან გასაუბრებისას, საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ თვითაცილების საკითხი დააყენა და გასაუბრების პროცესი დატოვა.

გადაწყვეტილების მიზეზად, დოლიძემ მის მიერ კანდიდატთან დაკავშირებით საჯაროდ გაკეთებული განცხადებები დაასახელა.

დოლიძის თქმით, აღნიშნული გარემოება მას ობიექტური შეფასების საშუალებას არ მისცემს.

„ვიქნები მიკერძოებული. არაერთხელ საჯაროდ მაქვს პოზიცია დაფიქსირებული მის მიმართ. ამ გასაუბრების ფარგლებში ვერ შევაფასებ კეკენაძეს ობიექტურად და მის თვითაცილებას ვაცხადებ“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძეს უპასუხა დავით კეკენაძემ და განმარტა, რომ დოლიძეს მასთან და მის პროფესიონალიზმთან დაკავშირებით არასწორი წარმოდგენა აქვს.

„ანა დოლიძეს მინდა, გადავუხადო დიდი მადლობა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო. მას დავით კეკენაძის პიროვნებაზე და როგორც მოსამართლეზე არასწორი წარმოდგენა აქვს, საერთოდ მართლმსაჯულებასთან მიმართებაში. სახეზეც მეტყობა როგორი პროფესიონალი ვარ, მიუხედავად ჩემი ასაკისა“, – განაცხადა დავით კეკენაძემ.