საქართველოს უსტიციის უმაღლეს საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ტოვებს.
ამის შესახებ მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
დოლიძის თქმით, პრეზიდენტს განცხადებით დღესვე მიმართავს და მას გადაწყვეტილების მიღებას გაუადვილებს.
„21 მაისს დავაარსე „მოძრაობა ხალხისთვის“, რომლის მიზანია, საჯარო დღის წესრიგში შევიტანოთ ხალხის პრობლები. რამდენიმე დღის წინ მოვაწერე ხელი დოკუმენტს ახალი პლატფორმის შესახებ, რომლის მიზანია, ჩამოართვას საჯარო დღის წესრიგზე მონოპოლია ორ უმთავრეს ძალას, რომელიც საკუთარ ორმეფობას სწირავს ამ ქვეყნის განვითარების ინტერესს ამ პლატფორმის პროცესებთან დაკავშირებით. ჩემ მიმართ გამძაფრდა ორკესტრირებული, ბინძური პიარკამპანია. ამოქმედდა სქემა, 108 საპარლამენტო ხმა და ამ ბინძური პიარკამპანიის მიზანია, ყველა შესაძლებლობით და ყველა ფასად არ დაუშვას საზოგადოებრივ დღის წესრიგში იმ ძალების და ცენტრების შექმნა, რომელსაც შეუძლია ორი მთავარი პოლიტიკური ძალის დემონოპოლიზაცია. ამ ბინძურ პიარკაპმანიას არ წარმოუდგენია არც ერთი სამართლებრივი დოკუმენტი საკუთარი კამპანიის მიზნების მხარდასაჭერად. ამ ბინძური პიარკამპანიის მიზანია, გააუფასუროს ის ბრძოლა, რომელიც მე ორი წლის განმავლობაში მქონდა. ამ ბინძური კამპანიის მიზანია, შექმნას სეირი იუსტიციის საბჭოში, რომელსაც პოპკორნით სიამოვნებით უყურებს კლანი და უყურებს „ქართული ოცნება“. ამ პირობებში, მაშინ, როდესაც ქვეყანას სჭირდება სასამართლოს რეფორმა, მაშინ როდესაც ქვეყანას სჭირდება არა პიარ გამოხტომები, არამედ რეალური დემურუსიზაცია, ქვეყანას სჭირდება რეალური მუშაობა განვითარებაში, ეს შენობა ვეღარ იქნება ასპარეზი ჩემი ბრძოლისთვის.
მე დღეს გავაგზავნი განცხადებას ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან და გავუადვილებ მას იმ გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც მან თვითონ ვერ მიიღო და დავტოვებ იუსტიციის საბჭოს. მე დღეს შევუდგები მთელი ჩემი რესურსით, „მოძრაობა ხალხისთვის“ შენებას, რათა გავაგრძელო ის მისია და ბრძოლა, რომელშიც სამწუხაროდ ამ შენობაში მე დავრჩი მარტო და რომელთა მიმართებაშიც მე ვიპოვი მთავარ თანამოაზრეს. ეს მთავარი თანამოაზრე იქნება ქართველი ხალხი“,- აღნიშნა დოლიძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ნაწილი მიიჩნევდა, რომ ანა დოლიძის საქმიანობა ამჟამინდელ თანამდებობასთან კანონით შეუთავსებელი იყო.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ საბჭოს წევრ ანა დოლიძის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით ახალი პლატფორმის მემორანდუმზე ხელმოწერით, კითხვები აღარ არსებობდა.
ამასთან, საკითხზე განცხადება გაავრცელეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებმაც დოლიძეს მოუწოდეს, აქტიური პოლიტიკური საქმიანობის შემთხვევაში, იუსტიციის საბჭოს დატოვების გადაწყვეტილება დროულად მიეღო.
ანა დოლიძის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტმაც, რომელიც ელოდებოდა, რომ ანა დოლიძე დროულ და ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებდა.
ანა დოლიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად 2018 წლის 8 იანვარს დაინიშნა.