ანა დოლიძე - ზურაბ ადეიშვილის დროინდელი სასამართლო სისტემის დანგრევას ჩემს მოვალეობად მივიჩნევ
თუ ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ დამოუკიდებელი სასამართლო, ჩემს მოვალეობად მივიჩნევ ზურაბ ადეიშვილის დროინდელი სისტემის დანგრევას, – ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე კოლეგების ბრალდებას, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრი პრეზიდენტის დაკვეთას ასრულებს.
დოლიძის მოსაზრებით, დღეს იყო კიდევ ერთი მცდელობა, რომ ცენზურა დაეწესებინათ განსხვავებული აზრის მქონე წევრისთვის.
მისივე თქმით, სასამართლო სისტემა, რომელიც იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის დროს ჩამოყალიბდა, შეიქმნა იმისთვის, რომ კონკრეტულ მოსამართლეებზე გავლენა ჰქონოდა.
„მე დღეს დილას განვაცხადე, რომ კვლავ არის მცდელობა, სასამართლო იმართებოდეს ზურაბ ადეიშვილის სისტემის მიერ შექმნილი სისტემის ნარჩენებით. ეს სისტემა ჩამოყალიბდა მოსამართლეების სამართავად. კონკრეტული პიროვნებების მეშვეობით ხდებოდა მოსამართლეებზე ზეგავლენა. სამწუხაროდ, ეს სისტემა არ დანგრეულა, მისი საცეცები კვლავ არსებობს და ეს სისტემა არის ჩამოყალიბებული სწორედ ზურაბ ადეიშვილი მიერ და დროს. მე პირადად მიმაჩნია, რომ თუ ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ დამოუკიდებელი სასამართლო, მე მივიჩნევ ჩემს მოვალეობად ამ სისტემის დანგრევას“, – განმარტა ანა დოლიძემ.
რაც შეეხება მისი კოლეგების კრიტიკას ანა დოლიძის ამ განცხადების გამო, დოლიძის თქმით, საბჭოს მოსამართლე წევრებისთვის მიუღებელია კრიტიკა.
„საბჭოს მოსამართლე წევრებს ადრეც აქვთ გამოვლენილი ალერგია განსხვავებული და კრიტიკული აზრის მიმართ. მე არ გამიკვირდა მათი დღევანდელი რეაქცია. მათი მცდელობაა, გააჩუმონ, დაადუმონ განსხვავებული აზრი, რომელიც ცდილობს, ცვლილება შეიტანოს სისტემაში“, – განმარტა ანა დოლიძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ დღეს განაცხადა, რომ ადეიშვილის ნარჩენები ცდილობენ, სასამართლოზე გავლენა შეინარჩუნონ.
საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, გიორგი მიქაუტაძემ კი აღნიშნა, რომ ანა დოლიძე ცდილობს, პოლიტიკური განცხადებით შეურაცხყოს კოლეგები.