ანა დოლიძე - ყველანაირი შეზღუდვა საბჭოს წევრების მხრიდან კითხვების დასმის უფლებაზე, უკანონო იქნება
„ყველანაირი შეზღუდვა საბჭოს წევრების მხრიდან კითხვების დასმის უფლებაზე, უკანონო იქნება, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების დროს, გარკვეული ზომების დაწესებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. ანა დოლიძის მოსაზრებით, კანონი კითხვის დასმის დროს ჩარჩოებსა და შეზღუდვებს არ ითვალისწინებს.
„დღეს ჩვენ ვიხილეთ ჩვენი საქმიანობის შეზღუდვის მცდელობა, დისკრიმინაცული განცხადებები, ამავე დროს ვიხილეთ გასაუბრების პროცესის თვითნებურად დატოვება იუსტიციის საბჭოს წევრების მხრიდან. ეს ყველაფერი ემსახურება, მხოლოდ და მხოლოდ, იმ მიზანს, რომ არ გამოჩნდეს და საზოგადოებამ არ დაინახოს როგორი ადამიანების გაყვანა სურს “კლანს” უზენაესი სასამართლოში.
პირველი კანდიდატის შემთხვევაში კარგად დავინახეთ, რომ მან ვერ დაასახელა სტრასბურგის სასამართლოს ვერც ერთი უახლესი გადაწყვეტილება. ყველანაირი შეზღუდვა, კითხვების დასმის უფლებაზე საბჭოს წევრების მხრიდან უკანონო იქნება.
კანონი ადგენს, რომ ჩვენ გვაქვს კითხვების დასმის უფლება, არავითარ დროის ჩარჩოებს არ ითვალისწინებს და ეს მოემსახურება ერთადერთ მიზანს – ხალხმა არ დაინახოს როგორი ადამიანების გადასხმას აპირებს ეს ჯგუფი უზენაეს სასამართლოში”, – განაცხადა დოლიძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა, რომ გასაუბრების პროცესში გამოიკვეთა, საბჭოს არამოსამართლე წევრების მხრიდან, ადგილი ჰქონდა არარელევანტური კითხვების დასმას, რომელსაც არ აქვს კავშირი კანდიდატის კეთილსინდისირებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებთან. მისი თქმით, იმისთვის, რომ საბჭოს ყველა წევრს თანაბრად მიეცეს კითხვის დასმის საშუალება, საჭიროა გატარდეს გარკვეული ზომები.