ანა დოლიძე - ყველა დეპუტატი, ვინც სესიაზე იყო, სხდომიდან არ გავიდა და პროტესტი არ გამოხატა, „ორჯონიკიძის სიის“ ნაწილია, სიას პირადად შევადგენ  
ანა დოლიძე - ყველა დეპუტატი, ვინც სესიაზე იყო, სხდომიდან არ გავიდა და პროტესტი არ გამოხატა, „ორჯონიკიძის სიის“ ნაწილია, სიას პირადად შევადგენ  

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე „ორჯონიკიძის სიის“ შექმნას გეგმავს, სიაში კი, იმ დეპუტატებს შეიყვანს, რომლებიც დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში რუს დეპუტატ სერგეი გავრილოვთან ერთად იმყოფებოდნენ.

ანა დოლიძემ ამის შესახებ ჟურნალისტებს სასტუმრო „რედისონთან“ მიმდინარე აქციაზე განუცხადა.

მისი თქმით, გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანა და მის მიერ საქართველოს პარლამენტის სპიკერის ადგილის დაკავება ქართული ფასეულობებისა და გიორგი ანწუხელიძის მემკვიდრეობის მძიმე შეურაცხყოფაა.

გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანა და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომა არ უნდა უგულებელვყოთ. ეს ჩვენი ფასეულობებისა და გიორგი ანწუხელიძის მემკვიდრეობის ძალიან მძიმე შეურაცხყოფაა, ეს 9 აპრილის გმირების შეურაცხყოფაა, რომლებიც იმ ადგილზე დაიღუპნენ, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე დგება და სკამს რუსეთის დუმის დეპუტატს უთმობს.

ყველა დეპუტატი, ვინც ამ დროს სესიაზე იჯდა, სხდომიდან არ გავიდა და პროტესტი არ გამოხატა, „ორჯონიკიძის სიის“ ნაწილია. ის ამ სიაში მოხვდება და ჩვენს საზოგადოებას ეცოდინება. ის დეპუტატები მეხუთე კოლონაა. საქართველოში მეხუთე კოლონა ერთხელ უკვე იყო. ასე ჩუმად, წყნარად და რბილად, ვითომც არაფერი არ არის, ამ საშუალებებით საქართველოში რუსეთის ოკუპაცია არ გამოვა. „ორჯონიკიძის სიას“ მე პირადად შევადგენ“, – განაცხადა ანა დოლიძემ, რომელიც „რედისონთან“ მიმდინარე აქციაზე მივიდა.