ანა დოლიძე - ველოდები მიხეილ ჩინჩალაძის, სერგო მეთოფიშვილის, დიმიტრი გვრიტიშვილისა და ნაზი ჯანეზაშვილის ერთობლივ სარჩელს ჩემს წინააღმდეგ
ძალიან ვწუხვარ, თუ ნაზი ჯანეზაშვილი გიორგი მიქაუტაძის, დიმიტრი გვრიტიშვილისა და სერგო მეთოფიშვილის ჩემს წინააღმდეგ მიმართული კამპანიის სათავეში იქნება, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ საბჭოს წევრ ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
ანა დოლიძის თქმით, გაკეთებული განცხადებების მიზანი მისი იმიჯის დაზიანებაა.
„იუსტიციის საბჭოში მისვლის პირველივე დღიდან გიორგი მიქაუტაძემ გამოაცხადა, რომ მე ვარ პოლიტიკოსი და ჩემი ადგილი იუსტიციის საბჭოში არ არის. მე ზედმიწევნით ვასრულდებდი და ვასრულებ კანონს. ძალიან ვწუხვარ, თუ ნაზი ჯანეზაშვილი გიორგი მიქაუტაძის, დიმიტრი გვრიტიშვილისა და სერგო მეთოფიშვილის ჩემს წინააღმდეგ მიმართული კამპანიის სათავეში იქნება.
მე საქმიანობა გავააქტიურე, თუმცა სამართლებრივად არაფერი შეცვლილა. ამ კამპანიის მიზანია, ჩემი იმიჯის დაზიანება. ნაზი ჯანეზაშვილთან ერთად დავდიოდი მიტინგებზე, მანიფესტაციებზე, თუ ეს პოლიტიკური საქმიანობაა, მაშინ მასაც ექმნება საფრთხე. ირაკლი კობახიძეც მეკამათებოდა იმავე საკითხზე და ეს პარალელები მე ძალიან მაფიქრებს, ძალიან მტკივნეულია ჩემთვის. თუ სამართლებრივ საკითხზეა საუბარი, მე ველოდები მიხეილ ჩინჩალაძის, სერგო მეთოფიშვილის, დიმიტრი გვრიტიშვილის და ნაზი ჯანეზაშვილის ერთობლივ სარჩელს ჩემს წინააღმდეგ. განმსაჯოს ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლომ“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
ალეკო ელისაშვილმა, ლევან იოსელიანმა, ანა დოლიძემ და ლევან კობერიძემ ახალი პლატფორმის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის ტექსტში ნათქვამია, რომ მათი ამოცანაა, შექმნან განსხვავებული მსჯელობის პლატფორმა, რომელიც პოლარიზებული პოლიტიკური ატმოსფეროს ახალი, ჯანსაღი ალტერნატივა გახდება.
ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ კანონი დაარღვია, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს პოლიტიკურ საქმიანობა ეკრძალება.