არაერთხელ ვთქვი, რომ ვანო ზარდიაშვილი არის კლანის საცეცი პარლამენტში, შესაბამისად, არ არის გასაკვირი, როდესაც რაღაც ასტკივდება ან ეწყინება კლანს, მის ინტერესებს დაიცავს ვანო ზარდიაშვილი, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განაცხადა.
როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, უშინაარსო კომენტარები ვანო ზარდიაშვილისგან მომავალშიც მოსალოდნელია და ყურადღებას არ დაიმსახურებს.
„არაერთხელ ვთქვი, რომ ვანო ზარდიაშვილი არის კლანის საცეცი პარლამენტში, შესაბამისად, არ არის გასაკვირი, როდესაც რაღაც ასტკივდება ან ეწყინება კლანს, მაგალითად, სიუჟეტი სასამართლოს ხელისუფლებაში შესაძლო კორუფციის შესახებ, კლანს და მის ინტერესებს დაიცავს მათი საცეცი, პარლამენტში, ვანო ზარდიაშვილი. ყველა წინა შემთხვევასთან დაკავშირებით იგივეს ჰქონდა ადგილი, ამიტომ მსგავსი უშინაარსო კომენტარები მისგან მომავალშიც მოსალოდნელია და ყურადღებას არ დაიმსახურებს“, – განაცხადა დოლიძემ.
ამასთან, ანა დოლიძემ სასამართლო სისტემაში შესაძლო სისტემურ კორუფციასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაიწყოს.
„ვფიქრობ, საქართველოს პარლამენტში უნდა შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, სადაც ნაწყენი მოსამართლეებიც, კომპანიაც თავისი ინფორმაციით, მივლენ და საჯაროდ ისაუბრებენ. ხალხის თანდასწრებით იქ დადგინდება სიმართლე, მართლაც აქვს თუ არა ადგილი სისტემურ და ელიტურ კორუფციას სასამართლო სისტემაში, რადგან ასეთის არსებობის შემთხვევაში, ჩვენ პერსპექტივას რომ ეს იყოს დამოუკიდებელი და ევროპული სახელმწფო, ფაქტობრივად მომავალი არ აქვს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის ქონება უფრო უკეთესად გამოიყურება, ვიდრე თამარ ალანიასა და დიმიტრი გრიტიშვილის. ამასთან, ვანო ზარდიაშვილარასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს მოუწოდებს, შემოსავლები ნაზი ჯანეზაშვილსა და ანა დოლიძესაც დაასაბუთებინონ.