ანა დოლიძე - ვამაყობ, რომ მართლმსაჯულებაში დაბუდებულ მანკიერ სისტემას არაერთი დარტყმა მეც მივაყენე
ვამაყობ, რომ იმ მანკიერ სისტემას, რომელიც დაბუდებულია ჩვენს მართლმსაჯულებაში და სამართალდამცავ ორგანოებში, არაერთი დარტყმა მეც მივაყენე, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განაცხადა.
როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“, განსაკუთრებით კი, „ქართული ოცნების“ ინტერესების განმახორციელებელი იუსტიციის საბჭოს უმრავლესობა, შეწუხებულია კრიტიკული ხმების აქტიურობით.
„მოსახლეობას მოეხსენება ჩემი აქტიურობა დემოკრატიასთან, მართლმსაჯულებასა და ადამიანის უფლებასთან მიმართებაში. სხვა ბევრ ადამიანთან ერთად მოვახერხე და ვამაყობ, რომ იმ მანკიერ სისტემას, რომელიც დაბუდებულია ჩვენს მართლმსაჯულებაში, სამართალდამცავ ორგანოებში, არაერთი დარტყმა მეც მივაყენე. გასაგებია, რომ ჩემი გუშინდელი ღამის ეთერის შემდეგ, რომ „ქართული ოცნება“ შეწუხებულია კრიტიკული ხმების აქტიურობით და ასევე განსაკუთრებით შეწუხებულია „ქართული ოცნების“ ინტერესების განმახორციელებელი იუსტიციის საბჭოს უმრავლესობა. ის იმდენად შეწუხებულია კრიტიკული ხმების აქტიურობით, მათშორის ჩემი სახით, რომ დღეს მიიღეს სრულიად უკანონო გადაწყვეტილება, წარდგინებით მიემართათ პრეზიდენტისთვის“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
მისივე თქმით, იუსტიციის საბჭოს, საბჭოს ზოგიერთ წერვს არ აქვს სურვილი, უნარი, გაარჩიოს საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობა.
„ციტირებას ვახდენ იუსტიციის საბჭოს წევრზე – „არ შეიძლება, იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან/და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში“. როგორც თავად ე.წ. წარდგინებაში მიუთითეს, მე დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულების საკითხებზე განცხადებას ძალიან დიდი ხანია, ვაკეთებ და ეს ჩემს მოქალაქეობრივ მოვალეობად მიმაჩნია. 2004 წლიდან გუშინდელი დღის ჩათვლით, მე ნამდვილად საზოგადოებრივად, სამოქალაქოდ ვაქტიურობ უამრავ საჭირბოროტო თემაზე და ამის გაჩერების შესაძლებლობა არ ჰქონდა არც წინა ხელისუფლებას და ამ ხელისუფლებასაც სიამოვნებას ვერ მივანიჭებ“, – განაცხადა დოლიძემ.
მისივე თქმით, იუსტიციის საბჭომ აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაში შეიყვანა მოსამართლეები, რომელთაც ეთიკითა და კანონით, პირდაპირ ეკრძალებათ პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა.
„რაც შეეხება საია-ს გამგეობის წევრობას, რაც თითქოსდა არის შეუთავსებლობის საფუძველი. ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობის შემდეგ, რომელსაც დიდი სიამაყით ვატარებდი გასულ წლებში, მე ვარ საია-ს გამგეობის წევრი, ასევე ძალიან დიდი სიამაყით, ისევე, როგორც სხვა არაერთი მაღალი თანამდებობის პირი. ჩვენი კანონმდებლობით, საერთო სასამართლოების შესახებ კანონით, იუსტიციის საბჭოს წევრს, პრეზიდენტის მიერ დანიშნულს, ეკრძალება კომერციულ სამეწარმეო პირების საქმიანობაში მონაწილეობა და ასევე ანაზღაურებადი საქმიანობა, რომელიც არ უკავშირდება მეცნიერებას, პედაგოგიურ საქმიანობას და შემოქმედებას. საი-ას გამგეობის წევრობა არის არასამთავრობო, არასამეწარმეო პირის საქმიანობაში მონაწილეობა. იმდენი მაინც უნდა იცოდნენ ამ მოსამართლეებმა, რაც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრისთვის დაშვებულია“, – განაცხადა დოლიძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძეს საბჭოში უფლებამოსილება შეუწყვიტოს. მიმართვა გვრიტიშვილმა დღეს საბჭოს წევრებს გააცნო. ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები მხარს უჭერენ.