ანა დოლიძე - ვაფასებთ საქართველოს მოქალაქეების იმ ჯაფას, რომელიც გასწიეს საკუთარი არჩევანის დაფიქსირებისთვის, არ ვაპირებთ, ვინმეს გავატანოთ ეს არჩევანი
ანა დოლიძე - ვაფასებთ საქართველოს მოქალაქეების იმ ჯაფას, რომელიც გასწიეს საკუთარი არჩევანის დაფიქსირებისთვის, არ ვაპირებთ, ვინმეს გავატანოთ ეს არჩევანი

განრისხებული ვართ იმით, რისი დაწერაც გაბედა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ კოალიციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ცესკო-ს მიერ გამოცხადებული პირველადი შედეგები არ ასახავს საქართველოს მოქალაქეების ნებას.

„ჩვენ ვართ განრისხებული იმით, რისი წარმოდგენა და დაწერაც გაბედა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. შედეგები, რომელიც გამოგვიცხადეს ცოტა ხნის წინ, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. საყოველთაო დაშინების, გაყალბების, მოსყიდვის ფონზე მიღებული ეს ციფრები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ისტორიულ და დღევანდელ არჩევანს. კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ ყოველსაათობრივად, ახლაც, იბრძვის თითოეული ხმის დასაცავად. ჩვენ ვიყენებთ ყველა საშუალებას, სამართლებრივს და არასამართლებრივს, ყველა კანონიერ საშუალებას, რათა დაცული იყოს საქართველოს მოქალაქეების დემოკრატიული და ევროპული არჩევანი. ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს ის ფანჯარაა, რომელიც ახლა არის ღია ჩვენი მოქალაქეების წინაშე და ვაფასებთ საქართველოს მოქალაქეების იმ ჯაფას, რომელიც გასწიეს საკუთარი არჩევანის დაფიქსირებისთვის. არ ვაპირებთ, ვინმეს გავატანოთ ეს არჩევანი“, – განაცხადა ანა დოლიძემ.