ანა დოლიძე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის ჩაგდებას ალტერნატივა არ აქვს
ანა დოლიძე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის ჩაგდებას ალტერნატივა არ აქვს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ პარლამენტის შესასვლელთან თანამოაზრეებთან ერთად, ბრიფინგი გამართა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის ჩაგდება მოითხოვა. ანა დოლიძემ პარლამენტის უკანა შესასვლელთან იმ პირების სია გააკრა, წარწერით, „ჩააგდე სია“, რომლებიც უვადო მოსამართლეობის კანდიდატები არიან.

ანა დოლიძის განცხადებით, სურდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის ჩაგდების 11 მიზეზი პარლამენტარებისთვის პირადად წარედგინა, თუმცა მას პარლამენტში შესვლის საშუალება არ მიეცა.

პარლამენტში შესვლა ვერ შეძლეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმონადგენლებმაც. ანა დოლიძის განცხადებით, პარლამენტი თვითიზოლაციაში იმყოფება. მანვე აღნიშნა, რომ უვადო მოსამართლეობის კანდიდატები „კლანის“ მიმართ ლოიალობის ნიშნით არიან შერჩეულები და ის აღნიშნული სიის ჩაგდებისთვის ბრძოლას აქტიურად გააგრძელებს.

„პარლამენტი, ფაქტია, რომ იმყოფება თვითბლოკირების რეჟიმში, როგორ ჩანს, პიკეტირება და ბლოკირება მათ გაიგეს ისე, რომ ამ შენობის ბლოკირება უნდა მოხდეს საქართველოს მოქალაქეებისგან. ასეთი თვითიზოლაცია ამ დაწესებულების, საქართველოს უახლეს ისტორიას ნამდვილად არ ახსოვს.სია უნდა ჩავარდეს, ამას მივაღწევთ. თავაძის მიერ ამ პროცესიდან თავის გამოწვევა მაჩვენებლია ჩვენი გამარჯვების. ერთ-ერთ კანდიდატს, როგორც ჩანს, სინდისმა შეაწუხა და თავი აირიდან ამ პროცესიდან. ვინც დარჩება ამ სამარცხვინო სიაში, დარჩება დროებით, ჩვენი ბრძოლა აუცილებლად მოიტანს შედეგს, რადგან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. სია უნდა ჩავარდეს და ამას არ აქვს ალტერნატივა“ ,- განაცხადა ანა დოლიძემ.