ანა დოლიძე - თეა წულუკიანმა ჩვეული სარკაზმით სცადა, ყურადღება გადაეტანა იმ სერიოზული პრობლემიდან, რაზეც სახალხო დამცველის ანგარიშშია საუბარი
თეა წულუკიანმა მისთვის ჩვეული სარკაზმით და პიროვნული თავდასხმებით სცადა, ყურადღება გადაეტანა იმ სერიოზული პრობლემიდან, რაზეც საუბრობს თავის ანგარიშში სახალხო დამცველი, – ამის შესახებ იურისტმა, ანა დოლიძემ განაცხადა.
როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ ქურდული მენტალიტეტი და კანონიერი ქურდების მენტალიტეტი დააბრუნა საქართველოს ციხეებში.
„ის პრაქტიკა, რაც წერია სახალხო დამცველის ანგარიშში, ე.წ. ობშიაკის შეგროვება, საწევროს გადახდა, პატიმრებისთვის სიგარეტისა და ყავის გამორთმევა, მერე უკან დაბრუნება, პატიმრებთან ურთიერთობის დალაგება მაყურებლების მეშვეობით, არის პრაქტიკა, რომელიც საქართველოში არსებობდა საბჭოთა დროიდან. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ სწორედ მაყურებლების მეშვეობით უნდა მართოს ციხე და ამ მემკვიდრეობაზე პასუხისმგებელი არის თეა წულუკიანი და ამ პასუხისმგებლობას ის ვერ გაექცევა. სახალხო დამცველის ანგარიშში საუბარია სხვადასხვა დაწესებულებაში მაყურებლების ინსტიტუტის სისტემურად დაბრუნებაზე. პირველ რიგში, აქ დგას იუსტიციის მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მეგონა, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო ეყოფოდა თეა წულუკიანს, მაგრამ როგორც ჩანს, მას საპასუხო ბევრად მეტ საკითხებზე აქვს. სარკასტული შენიშვნებით ამ საკითხებს ვერ დაუძვრება“, – განაცხადა ანა დოლიძემ.