ანა დოლიძე სოციალურ ქსელში მიღებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით პოლიციაში გამოიკითხა
ანა დოლიძე სოციალურ ქსელში მიღებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით პოლიციაში გამოიკითხა

იურისტი ანა დოლიძე სოციალურ ქსელში მიღებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით ისანი-სამგორის პოლიციის განყოფილებაში გამოიკითხა.

როგორც დოლიძემ გამოკითხვის შემდეგ განაცხადა, უცნობი პირისგან ფეისბუქის საშუალებით მიიღო ვიდეომასალა, რომელშიც სავარაუდოდ, არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზეა საუბარი.

მისი თქმით, ვიდეომასალა გამოძიებას მიაწოდა.

„როგორც ჩანს, ფეისბუქზე ტრიალებს ეს ვიდეო და გადავწყვიტე შემეტყობინებინა, რადგან ეს არის საზარელი დანაშაული. ადამიანი, ვინც ეს ჩამიგდო, არის სოციალურ ქსელში აქტიური პიროვნება და არა ტროლი. იმედი მაქვს, პოლიცია შეძლებს ბავშვების იდენტიფიცრებას.

დღეს გავატარე რამდენიმე საათი პროფესიონალურ გარემოში, პროფესიონალ გამომძიებელთან, რომელმაც ჩაიბარა ყველა მონაცემი. სავარაუდოდ, ამ დანაშაულის გამოძიება ადვილი არ იქნება, მაგრამ ეს ის საკითხია, სადაც არავინ უკან არ უნდა დაიხიოს. იმედი მაქვს, პოლიცია ყველას დაკითხავს, ვინც ამ ჯაჭვში მონაწილეობდა და შუა რგოლთან კი არ მივა, როგორც ხანდახან ხდება, არამედ ამ დანაშაულის პირველწყაროსთან მივა“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.