ანა დოლიძე - „შაქარაშვილის ქარტიამ“ უნდა დააწესოს კონკრეტული ქცევის წესები საზოგადოებასა და სპორტსმენს შორის
მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტებს „შაქარაშვილის ქარტია“ წარუდგინა.
ანა დოლიძე აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტი აერთიანებს ყველ იმ ძალადობრივ შემთხვევას, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულია სპორტსმენის თუ სპორტსმენთა ჯგუფის მიერ განხორციელებულ დანაშაულებრივ, არაკეთილსინდისიერ, ჩაგვრის, დაშინების, ძალადობის ქცევასთან.
„ყველა ასეთი ფაქტი უარყოფით გავლენას ახდენს საზოგადოებაზე და ლახავს მთლიანად სპორტული სამყაროს იმიჯს. მაშინ, როდესაც თითოეული სპორტსმენი საამაყო და მისაბაძი უნდა იყოს ნებისმიერი თანამოქალაქისთვის.
ბოლო დროს გაჟღერებული ფაქტებიდან აშკარად ჩანს, რომ სისტემატური ხასიათი ეძლევა სპორტსმენების, განსაკუთრებით ძალოსანი სფეროს წარმომადგენლების ფიზიკური შესაძლებლობების, არაკეთილსინდისიერ გამოყენებას თუ ნებაყოფლობით ჩართულობას, როგორც პოლიტიკური, უბნური თუ მეგობრულ-ძმაკაცური გარჩევების დროს.
ამ ფაქტებს დღემდე არც თავად სპორტული სამყაროს, არც ხელისუფლების და არც საზოგადეობის მხრიდან სწორი შეფასება და ადეკვატური ნაბიჯები არ მოჰყოლია“, – აღნიშნავს ანა დოლიძე.
მისვე თქმით, „შაქარაშვილის ქარტიის“ მიზანია, დააწესოს კონკრეტული ქცევის წესები საზოგადოებასა და სპორტსმენს შორის, რომელთა დაცვა სავალდებულო იქნება ნებისმიერი სპორტსმენისთვის და ასევე სპორტული ფედერაციებისათვის, რომლების პასუხისმგებელნი არიან საკუთარი თანაგუნდელის ქცევასა თუ მის შედეგზე.
„სახელმწიფო კი, როგორც მთელი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესის დამცველი, ვალდებულია დააწესოს და აამოქმედოს მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფს ქარტიის წესების აღსრულებას“, – აღნიშნავს ანა დოლიძე.
ანა დოლიძის მიერ გავრცელებული „შაქარაშვილის ქარტიის“ პრინციპებია:
1. ადამიანის ღირსების დაცვა სპორტსმენისთვის უნდა იყოს საზოგადოებრივი ცხოვრების ფუნდამენტური მოთხოვნა. 2. სპორტსმენი ვალდებულია დაიცვას პროფესიული და ეთიკური სტანდარტი საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელთან ურთიერთობის დროს. 3. დაიცვას ლოიალობის, ჰუმანიზმის და პატიოსნების პრინციპები ყველა ურთიერთობაში. 4. სპორტსმენი ვალდებულია პატივი სცეს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას – რასობრივი, სქესობრივი, ეთნიკური, რელიგიური, ფილოსოფიური, პოლიტიკური შეხედულებები, ოჯახური მდგომარეობა ან ნებისმიერი სხვა მიზეზი. 5. შეუწყნარებელი უნდა იყოს სპორტსმენის ჩართვა დანაშაულებრივ, არაკეთილსინდისიერ, ჩაგვრის, დაშინების, ძალადობის ფაქტებში.
6. სპორტსმენები უნდა ახდენდნენ სრულ გამიჯვნას და ნეიტრალიტეტს, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ან ძალის ინტერესებისგან, როდესაც საქმე გვაქვს არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებასთან. 7. სპორტსმენი არ უნდა იყენებდეს საკუთარ ფიზიკურ შესაძლებლობას ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის თუ ძალის იდეოლოგიის გატარებაში. 8. სპორტის ფედერაციები და კავშირები ვალდებულნი არია დაიცვან და თვითრეგულირების მექანიზმების შექმნის გზით, აიღონ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა სპორტსმენთა თვითშეგნებისა და ქცევის წესების ამაღლებაში. 9. შაქარაშვილის ქარტიის წესების დარღვევის შემთხვევაში, ნებისმიერ პირს შეუძლია მიმართოს სპეციალური კომისიას, რომელიც იღებს ვალდებულებას როგორც ნეიტრალური არბიტრი შეაფასოს და აღასრულოს ქარტიაში გაწერილი წესები. 10. საქართველოს კანონი სპორტის შესახებ (მუხლი 23) სახელმწიფო ხელს უწყობს და ზრუნავს სპორტის განვითარებაზე და ამ მიზნით ითვალისწინებს საბიუჯეტო დაფინანსებას. – იმ შემთხვევაში თუ ნებისმიერი სპორტული ფედერაციის ან კავშირის სპორტსმენის მხრიდან ადგილი ექნება „შაქარაშვილის ქარტიის წესების“ დარღვევას, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მთლიანად ფედერაციას ან კავშირს. ამ შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა აიღოს ვალდებულება და მათ დაუწესოს საბიუჯეტო სანქცია.
ანა დოლიძე მოუწოდებს სპორტის ფედერაციებსა და ხელისუფლებას, აამოქმედონ აღნიშნული ქარტია, რათა დაწესდეს კონკრეტული ქცევის წესები საზოგადოებასა და სპორტსმენს შორის.