ანა დოლიძე - საზოგადოებას სჭირდება ქომაგი, რომელიც პრობლემებს გადაუწყვეტს, „ქართული ოცნება“ ვერ ასრულებდა ამ როლს და ვერც ოპოზიცია ასრულებს, სწორედ ამისთვის დაისაჯა
ანა დოლიძე - საზოგადოებას სჭირდება ქომაგი, რომელიც პრობლემებს გადაუწყვეტს, „ქართული ოცნება“ ვერ ასრულებდა ამ როლს და ვერც ოპოზიცია ასრულებს, სწორედ ამისთვის დაისაჯა

საზოგადოებას სჭირდება ქომაგი, რომელიც გადაუწყვეტს მას იმ პრობლემებს, რაზეც დღეს ვსაუბრობთ. უმთავრესი პრობლემაა, რას შევჭამთ. ამ ქომაგის როლს ვერ ასრულებდა „ქართული ოცნება“ ვერასდროს და ვერ ასრულებს, სამწუხაროდ ვერც ოპოზიცია. ამისთვის დაისაჯა ის კვლევების მიხედვით – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ „ენდიაის“ კვლევის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, „საზოგადოებას სჭირდება ძალა, ქომაგი, ადვოკატი, რომელიც ილაპარაკებს მის სოციალურ გამოწვევებზე“.

„მგონი, „ენდიაის“ კვლევა კარგი საფუძველია, ოპოზიცია დაჯდეს დახურულ კარს მიღმა, ითათბიროს და გადაწყვიტოს, რა სამოქმედო გეგმა აქვს. მე რადგან არ ვარ პარტიის დამფუძნებელი არ მეძახიან ამ შეხვედრებზე და თავიდანვე ვფიქრობდი, რომ აუცილებელი იყო დარჩენილიყო ვინმე იმ მოედანზე, სადაც იქნებოდა ხალხის სოციალური პრობლემების წარმომადგენლები. თავიდანვე ვყვიროდი იმაზე, რომ ტრანსპორტის დაკეტვა იყო შეცდომა, მაშინ როცა ვიღაცები რაუნდებს ელოდებიან, აუცილებელია იყოს ძალა, რომელიც იქნება ხალხისთვის. ყველა ლაპარაკობს ერთმანეთზე და რაუნდებზე. მგონი, ეს არის კარგი სამსჯელო მასალა ოპოზიციისთვის, დაფიქრდეს, რამდენად სწორია მისი სტრატეგია. არ არის აუცილებელი პარლამენტში შევიდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ხალხის დაკვეთაა, ჰყავდეს ხალხის ხმა, რომელიც დაიცავს მათ ინტერესებს“, – განაცხადა დოლიძემ.

„ენდიაის“ კვლევის თანახმად, პარტიების მხარდაჭერის ნაწილში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მმართველ პარტიას აქვს. გამოკითხულთა 31 პროცენტი მიიჩნევს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, ხუთი პროცენტი „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს, 25 პროცენტი კი არც ერთ პარტიას. კითხვაზე – რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 25-მა პროცენტმა განაცხადა, რომ არც ერთი. პასუხზე უარი თქვა 24-მა პროცენტმა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაასახელა ხუთმა პროცენტმა. არ იცის – ხუთმა პროცენტმა.

ასევე, „ენდიაის“ კვლევის მიხედვით, სხვა პარტიებს ასახელებს გამოკითხულთა ცხრა პროცენტი. კვლევის მიხედვით, სხვა პარტიებში შედიან „პატრიოტთა ალიანსი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“, „ევროპული საქართველო“, „ლელო“ და „ლეიბორისტული პარტია“.