ანა დოლიძე - სასამართლოში დანამატები კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით უნდა გაიცეს
ანა დოლიძე - სასამართლოში დანამატები კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით უნდა გაიცეს

თუ სასამართლოში დანამატები გაიცემა, მაშინ კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით უნდა გაიცეს, რა თქმა უნდა, ეს კრიტერიუმი თანასწორობაა, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ანა დოლიძემ თანამდებობრივ სარგოზე დანამატის განსაზღვრის წესის ცვლილების შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ საბჭო ამ ცვლილებას დღის წესრიგით განიხილავს.

მისი თქმით, დანამატის გაცემა არ უნდა ხდებოდეს სიმპათიის მიხედვით.

„ჩვენ უნდა შევზღუდოთ შესაძლებლობა, რომ ინდივიდუალური დისკრეციით, რადგან ვიღაც მოგვწონს, ან არ მოგვწონს, შეიძლებოდეს დანატების გაცემა. დღეს მოქმედ წესში გაწერილია კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც, შეიძლება დანამატების გაცემა. დღეს ინიცირებულია წესი, სადაც საბჭოს რჩება უფლება, გასცეს დანამატები, მაგრამ კრიტერიუმები ჩაწერილი აღარ იქნება. დღეს საინტერესოა რა მოტივაციით ხდება ამ წესის ცვლილება, რადგან ჩვენი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს, რომ თუ დარჩება პრემია-დანამატები, უნდა გაიცეს ობიექტურად დასაბუთებულად და მხოლოდ და მხოლოდ დამსახურების მიხედვით“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

დღეს საბჭო დღის წესრიგით გათვალისწინებულ რვა საკითხს განიხილავს, მათ შორის საბჭოს წევრები იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორის ანგარიშსაც მოისმენენ, რომელიც იუსტიციის უმაღლესი სკოლის 2018 წლის გეგმებსა და გაწეულ საქმიანობას მოიცავს.

ანა დოლიძემ საბჭოს არამოსამართლე წევრი ვახტანგ მჭედლიშვილი 17 იანვრიდან ჩაანაცვლა. დოლიძე ამ დრომდე გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივნის პოსტს იკავებდა.