იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე სასამართლოს მოდერნიზების გეგმის შექმნას ითხოვს. ამის შესახებ ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ანა დოლიძის თქმით, სასამართლოს მოდერნიზებისთვის საჭიროა საკონსულტაციო პროცესი დიპლომატიურ კორპუსის, პოლიტიკურ პარტიების, სამოქალაქო მოძრაობის, ბიზნესისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლების ჩართულობით. ცვლილებების მიზეზად დოლიძე იუსტიციის საბჭოში კანონდარღვევების ფაქტებს ასახელებს. მისი თქმით, სასამართლოში არსებული პრობლემები მოქალაქეების ცხოვრებაზე პირდაპირპროპორციულად აისახება.
„გრძელდება გაუმჭვირვალე და დახურული დანიშვნები, გრძელდება შიდა გადანიშვნები, ამ სისტემაში არ უშვებენ ახალ ხალხს და გრძელდება ღია კანონდარღვევები. მაგიდაზე დევს რამდენიმე შემოთავაზება სხვადასხა პოლიტიკური პარტიის და არასამთავრობო ორგანიზაციების, როგორ უნდა წავიდეთ წინ, თუმცა პროცესები შესულია ჩიხში. მე გთავაზობთ გამოსავალს ამ ჩიხიდან. მე გთავაზობთ, რომ სასამართლოს მოდერნიზებასთან, სასამართლო პროცესების გათანამედროვებასთან დაკავშირებით, იმისთვის, რათა ბიზნესმა და მოქალაქეებმა დროზე მიიღონ და ჩაიბარონ გადაწყვეტილებები, პროცესები არ გრძელდებოდეს საუკუნეები, გავმართოთ საკონსულტაციო პროცესი, საკონსულტაციო მრგვალი მაგიდა, ოღონდ ამ შემთხვევაში, ეს იქნება ბიზნესის მინაწილეობით“, – განაცხადა ანა დოლიძემ.