ანა დოლიძე - სასამართლო სისტემის რეალური ცვლილებისთვის რეფორმაა აუცილებელი
ანა დოლიძე - სასამართლო სისტემის რეალური ცვლილებისთვის რეფორმაა აუცილებელი

დღევანდელმა გასაუბრებებმა დაგვანახა ის სისტემური პრობლემა, რომელიც აქვს სასამართლოს, რომ ფაქტობრივად სისტემაში ვერ აღწევს გარეშე პირი, – ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებთან გასაუბრებას.

მისი თქმით, დღეს გასაუბრებაზე მოსულ კანდიდატთა უმრავლესობას გამოცდილება ისევ სასამართლო სისტემაში აქვს მიღებული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სისტემა დახურულია.

საბჭოს არამოსამართლე წევრის მოსაზრებით, სასამართლო სისტემის რეალური ცვლილებისთვის აუცილებელია სისტემური რეფორმა.

„შვიდივე კანდიდატი, მიუხედავად იმისა რამდენად კარგი პიროვნებები არიან, არიან თავად სასამართლო სისტემის პროდუქტი. მათ მხოლოდ და მხოლოდ ძირითად შემთხვევაში გამოცდილება აქვთ მოსამართლის თანაშემწედ ან მდივნად მუშაობისა, არ აქვთ გამოცდილება სასამართლოში სხვადასხვა მხარეების, სხვადასხვა პროფესიების ან სამეცნიერო სპექტრიდან. ანუ ის პრობლემა რასაც ჩვენ ვლაპარაკობდით, რომ სასამართლო სისტემა ჩაკეტილია, ის დახურულია განსხვავებული გამოცდილების, განსხვავებული შეხედულების, განსხვავებული პროფესიული პერსპექტივის პირებისათვის, მხოლოდ და მხოლოდ გამყარდა გასაუბრებების შედეგად. ეს დაკავშირებულია, რა თქმა უნდა, იმასთან, თუ როგორ ხდება მოსამართლეების მომზადება როგორ არის იუსტიციის სკოლა პირდაპირ გადაბმული იუსტიციის საბჭოსთან. თუ ჩვენ გვინდა სასამართლო სისტემის ცვლილება, ეს საჭიროებს რეფორმას, რა თქმა უნდა“,- განაცხადა ანა დოლიძემ.