ანა დოლიძე - სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის ფორმატისგან სერიოზულ რეფორმას სამ სფეროში ველოდებით
სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის ფორმატისგან ძალიან სერიოზულ რეფორმას სულ მცირე, სამ სფეროში ველოდებით, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, აღნიშნული სამი სფეროა: იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნები და უვადოდ დანიშნულ მოსამართლეთა შეფასებების სისტემა.
„ოქტომბერში, როდესაც ახალი კონსტიტუცია შევა ძალაში, ხელთ უნდა გვქონდეს სამივე აღნიშნული ინსტიტუტი, რათა ვთქვათ, რომ ჩვენი მართლმსაჯულება მეტ-ნაკლებად მზად დახვდება ახალ წყობას, რომელსაც ახალი კონსტიტუცია მოიტანს. იმედი გვქვს, ეს ფორმატი და პირველ რიგში, საქართველოს პარლამენტი, ამ სამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ სიახლეებს წარმოადგენს “,- განაცხადა დოლიძემ.
სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პარლამენტში მიმდინარეობს, სადაც მონაწილეები სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე მსჯელობენ.