ანა დოლიძე - სამართლიანობის დამკვიდრების მიზნისთვის არანაირ კანონიერ საშუალებას არ გამოვრიცხავ, საზოგადოებრივი მოღვაწეობა თუ არჩევნებში მონაწილეობა
სამართლიანობის დამკვიდრების მიზნის მისაღწევად, არ გამოვრიცხავ არანაირ კანონიერ საშუალებას, ეს იქნება საზოგადოებრივი მოღვაწეობა თუ არჩევნებში მონაწილეობა, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კითხვაზე – მიიღებს თუ არა მთაწმინდის ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას.
დოლიძის თქმით, მისი მიზანი არის სამართლიანობის დამკვიდრება და მისი ყველა სამსახური სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
„იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მაქვს ძალიან სერიოზული ბრძოლა და მიზნები. ეს ბრძოლა არის სამართლიანობის დამკვიდრებისთვის. შეიძლება ითქვას, ყველა სხვა სამსახური, სადაც ვარ, ამ მიზანს ემსახურება. ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი, ფაქტობრივად, ომი გვაქვს მოსაგები საბჭოში. თუმცა ამ მიზნისთვის არ გამოვრიცხავ სხვა არანაირ კანონიერ საშუალებას, ეს იქნება საზოგადოებრივი მოღვაწეობა თუ არჩევნებში მონაწილეობა. ჩემთვის არც ერთი ეს საშუალება სამართლიანობის დადგენისთვის და მიღწევისთვის, რა თქმა უნდა, გამორიცხული არ არის. ამ ეტაპზე, დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
კითხვაზე, რამდენად დიდია ანა დოლიძის შესაძლებლობები, თუ შუალედურ არჩევნებში კენჭს იყრის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი პასუხობს, რომ მისი მთავარი ყურადღება მიპყრობილია მოვლენებზე, რომელიც იუსტიციის საბჭოში ვითარდება. რაც შეეხება გამარჯვების შესაძლებლობას, ანა დოლიძე ამაზე კომენტარისგან თავს იკავებს.
„ამას წინასწარ ვერ გეტყვით. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, ისეთ ქვეყანაში ცხოვრებისთვის, სადაც იმედი გვექნება, რომ სამართლიანობა იზეიმებს, მზად ვარ, ყველაფერი გავაკეთო. დანარჩენს წყვეტს ქართველი ხალხი“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.
მთაწმინდის საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები 2019 წლის გაზაფხულზე, აპრილში ჩატარდება.
შუალედური არჩევნების დანიშვნის მიზეზი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაა, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტში მთაწმინდის ოლქის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი იყო.