ანა დოლიძე - როგორც მშობელი, შეშფოთებული ვარ გადაწყვეტილებით, რომ საქართველოში ვაზის ნაცვლად კანაფის წარმოება უნდა დაიწყოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ მარიხუანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ქართველი ერის იდენტობაზე დიდი კულტურული დარტყმა იქნება.
ანა დოლიძის თქმით, როგორც მშობელი, შეშფოთებულია, რომ საქართველოში ვაზის ნაცვლად კანაფის წარმოება უნდა დაიწყოს.
„ამ პოზიციის გახმოვანება მინდა როგორც მშობელს. ჩემი შვილი აქ უნდა გავზარდო. შეშფოთებული ვარ ამ გადაწყვეტილებით, რომ საქართველოში ვაზის ნაცვლად უნდა დაიწყოს კანაფის წარმოება. ეს ჯერ რუსეთის იმპერიის დროს გააკეთეს და არ მგონია, რომ საშუალება უნდა მივცეთ, იქ, სადაც დღეს ჩვენ ვენახებს ვახარებთ, ამის მაგივრად ვიღაცამ კანაფი გაახაროს, რათა შემდეგ გაყიდოს. მონათმფლობელობა და მონებით ვაჭრობაც ერთ დროს მოდაში იყო და დიდი შემოსავალი მოჰქონდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს დღეს უნდა გავაგრძელოთ. ორგანიზებით ვაჭრობაც ძალიან მომგებიანია, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ამით, როგორც ექსპორტიორი, სახელმწიფო უნდა დავკავდეთ. ეს გადაწყვეტილება ქართველი ერის იდენტობაზე დიდი კულტურული დარტყმა იქნება, რომელიც მიწაზე და ვაზზეა მიბმული და არ შეიძლება, დღეს ისეთი კულტურის წარმოებაზე მივაბათ, როგორიც კანაფია. ამას ხელი უნდა შევუშალოთ“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
მარიხუანას მოხმარების რეგულაციებთან დაკავშირებით კანონპროექტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარადგინა, დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტით მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოში ექცევა. რაც შეეხება კანაფის მოყვანა-წარმოებას სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად, კანონპროექტის თანახმად, სამედიცინო მიზნით კანაფის მოყვანა-წარმოება ექსპორტისთვის მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული ლიცენზირებადი საქმიანობა იქნება, ხოლო ლიცენზიის გაცემაზე და პირობების შესრულებაზე დამოუკიდებელი სააგენტოს მიერ მკაცრი კონტროლი განხორციელდება.