ანა დოლიძე - „ქართულ ოცნებას“ დღეს ახალი ნაღმი აუფეთქდა
ანა დოლიძე - „ქართულ ოცნებას“ დღეს ახალი ნაღმი აუფეთქდა

„ქართულ ოცნებას“ დღეს ახალი ნაღმი აუფეთქდა და ამ ნაღმს „თიბისი ბანკი“ და მამუკა ხაზარაძე ჰქვია, – ამის შესახებ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამართული საკომიტეტო მოსმენის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, სახელმწიფოში აღარ რჩება ინსტიტუტი, რომელსაც აქვს ნდობა, რომ ხალხის კითხვებს გასცემს პასუხს. ეს კი, მთავარი სისტემური პრობლემაა.

„კითხვებს პასუხს ვერ სცემს პროკურატურა, სასამართლო. დღეს უკვე ჩანს, რომ კითხვები არსებობს ეროვნული ბანკის პოლიტიზებაზეც. საბოლოო ჯამში, პოლიტიკური მეცნიერების სახელმძღვანელოში წერია, რომ სიტუაციაში, როდესაც ადამიანები სვამენ კითხვებს ხელისუფლების მიმართ და დარჩენილი აღარ არის ინსტიტუტი, რომელიც ლეგიტიმურად პასუხს სცემს, კითხვებს პასუხს სცემს თავად ხალხი. ყველა ისტორია ასე სრულდება. ვფიქრობ, მამუკა ხაზარაძის დღევანდელი გამოსვლა უნდა იყოს ბოლო შემაფხიზლებელი შემოლაწუნება „ქართული ოცნებისთვის“, თუ არ გვინდა, ისევ ისეთ რევოლუციურ სცენარზე წავიდეთ“, – განაცხადა დოლიძემ.

მისი შეფასებით, ცალსახად საჭიროა საკითხზე საგამოძიებო კომისია შეიქმნას, რადგან სწორი პასუხების მიღება არ არის შესაძლებელი არც სასამართლოსგან, არც პროკურატურისგან და არც ეროვნული ბანკისგან.

„ეს მსჯელობა უნდა წარიმართოს საქართველოს პარლამენტში, მაგრამ ხალხის მიმართვები პარლამენტის მიმართ ამასთან დაკავშირებით პასუხგაუცემელი რჩება. არ მგონია, ირაკლი კობახიძეს, მის ამფსონ ანრი ოხანაშვილს და სხვა რომელიმე ასეთ ნაცრისფერ პერსონაჟს ჰქონდეს საშუალება, ხალხის პირისპირ დაჯდეს და დაგროვილ კითხვებს პასუხი გასცეს. მივდივართ ნელ-ნელა პოლიტიკურ ჩიხში, რომელსაც საკმაოდ მტკივნეული დასასრული ექნება“, – განაცხადა დოლიძემ.

მისი თქმით, ვითარების განმუხტვისთვის „ქართულმა ოცნებამ“ საგამოძიებო კომისია აუცილებლად უნდა შექმნას.

„მე რომ მებაროს „ქართული ოცნება“, იმისთვის შევქმნიდი ამ კომისიას, რომ ვითარება განიმუხტოს, ამდენ კითხვაზე პასუხი სადმე გაიცეს, ადამიანებმა ის მაინც დაინახონ, რომ „ქართული ოცნება“ ცოტა შეწუხდა, პასუხი გაეცეს უდიდეს ბრალდებას, რომ ეროვნული ბანკი არის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი ან ბიზნესდევნის ინსტრუმენტი. თუმცა, საკმაოდ მცირე შანსებია, რომ ირაკლი კობახიძემ, მისმა ამფსონმა თუ დამქაშმა, ანრი ოხანაშვილმა და ასეთმა ნაცრისფერმა პერსონაჟებმა კომისია შექმნან, მერე კომისიის მუშაობა გააგრძელონ და წაიყვანონ“, – განაცხადა ანა დოლიძემ.