ანა დოლიძე - პოლიტიკურ საქმიანობას როგორც კი შევუდგები, კანონის შესაბამისად გადაწყვეტილებას მივიღებ, „მოძრაობა ხალხისთვის“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია
პოლიტიკურ საქმიანობას როგორც კი შევუდგები, კანონის შესაბამისად გადაწყვეტილებას მივიღებ, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების საპასუხოდ განაცხადა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ანა დოლიძეს მოუწოდებენ, აქტიური პოლიტიკური საქმიანობის შემთხვევაში, იუსტიციის საბჭოს დატოვების გადაწყვეტილება დროულად მიიღოს.
როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, „მოძრაობა ხალხისთვის“ არასამთავრობო ორგანიზაციაა და არა პოლიტიკური პარტია.
„იუსტიციის საბჭოში გაწევრიანების დღიდან მე ვაკეთებ ხმამაღალ, ძალიან კრიტიკულ განცხადებებს. გაწევრიანების დღიდან, მე ვარ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე. ამასთან დაკავშირებით საჯარო სამსახურის ბიუროს შარშან დასკვნა აქვს გამოცემული, სადაც წერია, რომ მე არ მაქვს შეუთავსებლობა მხოლოდ იქედან გამომდინარე, რომ ვარ არა ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი. სამართლებრივად დღეს ეს ვითარება გრძელდება. პოლიტიკურ საქმიანობას როგორც კი შევუდგები, კანონის შესაბამისად გადაწყვეტილებას მივიღებ. „მოძრაობა ხალხისთვის“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია. ბოლო დღეებში არაფერი არ შეცვლილა, ამიტომ ახალი რაიმე საფუძველი წარმოშობილი არ არის. ყველა განცხადებას, რომელიც ეხება თუნდაც სასამართლოს პოლიტიკის შეცვლას, რომელიც ემსახურება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს, რომ არის პოლიტიკური განცხადება. მსგავსი განცხადებები სასამართლოსთან დაკავშირებით კეთდება იუსტიციის საბჭოს სხვა წევრებისგანაც“, – განაცხადა ანა დოლიძემ.