ანა დოლიძე - პირობას ვდებ, 2019 წელი არ იქნება მიხეილ ჩინჩალაძის წელი
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე მადლობას უხდის ყველას, ვინც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა განწესების საკითხზე პრინციპული პოზიცია გამოიჩინა.
როგორც მან ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განუცხადა, დღეს მნიშვნელოვანი შედეგი იქნა მიღწეული.
„მინდა, მადლობა გადაუხადო ყველას, ვინც პრინციპული პოზიცია დააფიქსირა, ყველა ორგანიზაციას, ყველა ადამიანს, მათ შორის „ოცნების“ შიგნით პრინციპულ დეპუტატებს, ვინც გამოავლინეს მკაცრი და პრინციპული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.
ვდებ პირობას, რომ 2019 წელი არ იქნება მიხეილ ჩინჩალაძის წელი. ეს იქნება პატიოსანი ადამიანების, კომპეტენტური მოსამართლეებისა და პრინციპული სასამართლოს წელი. დღეს ჩვენ ეს ყველამ ერთად დავამტკიცეთ და მნიშვნელოვან შედეგს მივაღწიეთ ამ გზაზე“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
მისი თქმით, საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება.
„ჩვენ შევქმნით ისეთ სასამართლოს, რომელსაც ძალიან დიდი ხანია საქართველო მოითხოვს და იმსახურებს. ამ საკითხის გაზაფხულზე განხილვა უზრუნველყოფს მაქსიმალურ ჩართულობას საზოგადოების მხრიდან. ხალხის ხმა არის ხმამაღალი და ამ ხმას ჩვენი პარლამენტარები გაიგებენ. ვფიქრობ, მივაღწევთ იმას, რომ სასამართლოში მოხვდეს ისეთი ხალხი, რომლებიც თავისი წარსულით, პრინციპულობით ამას იმსახურებენ. საბოლოო ჯამში, უდაოა ის, რასაც ვითხოვდით: უნდა შეიქმნას სწორი პროცესი საზოგადოების მონაწილეობით, უნდა ჩატარდეს კონკურსი, რომლის მიხედვითაც ავირჩევთ არა მიხეილ ჩინჩალაძეს და მისნაირებს, არამედ ხალხს, რომლებიც თავისი პრინციპულობით იმსახურებენ ამ უმაღლეს თანამდებობას“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.
რამდენიმე დღის წინ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭისყრის შედეგად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი დაასახელა: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე. კანდიდატების დასახელებას პარლამენტის დეპუტატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი მიმდინარე სესიაზე არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესების გადაწყვეტილებას.