ანა დოლიძე - ოპოზიციას ვთავაზობთ სამოქმედო გეგმას, რაიონებში, სადაც ოპოზიციას საკრებულოებში უმრავლესობა აქვს, დააყენონ მერის იმპიჩმენტის საკითხი
პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ იმ რაიონის საკრებულოების ოპოზიციონერ წევრებს მიმართა, სადაც ოპოზიცია უმრავლესობითაა წარმოდგენილი და მათ მერების იმპიჩმენტისკენ მოუწოდა.
დოლიძის განმარტებით კანონმდებლობა ოპოზიციონერ კანდიდატებს აძლევს საშუალებას, საკრებულოების უფლებამოსილების დაწყებიდან ექვსი თვის შემდეგ დაიწყონ მერის გადაყენების პროცედურები.
ანა დოლიძის განცხადებით, სწორედ ეს მიიყვანს ქვეყანას ვადამდელ არჩევნებამდე. დოლიძის თქმით, თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ოპოზიცია საკრებულოებში უმრავლესობით არის წარმოდგენილი ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, ჩხოროწყუსა და სენაკში.
„ჩვენ ოპოზიციას დღეს ვთავაზობთ სამოქმედო გეგმას, რომელსაც ვუწოდებთ სახალხო იმპიჩმენტს. თვითმმართველობის კანონმდებლობის გამოყენებით შესაძლებელია იმ რაიონებში, სადაც ოპოზიციას საკრებულოში აქვს უმრავლესობა, აქვს საშუალება, დააყენოს მერის იმპიჩმენტის საკითხი კანონმდებლობის მიხედვით. ეს რაიონებია: ბათუმი რუსთავი ზუგდიდი წალენჯიხა ჩხოროწყუ სენაკი.
ასევე, თუ საკრებულო ამას არ გააკეთებს, მოსახლეობის 20 პროცენტს აქვს საშუალება, დააყენონ მერის იმპიჩმენტის საკითხი. საბოლოო ჯამში, იმპიჩმენტის პროცესები, ამასთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვება, საკრებულოს გადაწყვეტილება მისცემს სიგნალს ხელისუფლებას და ჩვენ საერთაშორისი თანამეგობრობას, რომ მსგავსი ქცევა, არჩევნების მორიგჯერ ღიად მოპარვა მიუღებელია, რომ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი არის ოპოზიციურად განწყობილი და ვითარება მომწიფებულია ვადამდელი არჩევნებისთვის. სახალხო იმპიჩმენტები იმ ქალაქებში, სადაც მოსახლეობის ოპოზიციური განწყობა არის დომინანტური, არის საშუალება, ხელისუფლებას გავაგებინოთ, რომ დროა, გადაანაწილოს ხელისუფლება და ამისთვის ვადამდელი არჩევნები დანიშნოს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.