ანა დოლიძე - „ოცნება“ აპირებს, პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე მოსამართლეთა სია „გააპაროს“
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატების სია პარლამენტმა უნდა ჩააგდოს.
ანა დოლიძის თქმით, პროპორციული არჩევნების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებასთან დაკავშირებით მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, „ქართული ოცნება“ შეეცდება, რომ უვადო მოსამართლეობის კანდიდატები ხმაურის გარეშე დაამტკიცოს.
„დიდიხანია, დაყენებული მაქვს მოთხოვნა საქართველოს პარლმენტის წევრებისადმი, სია უნდა ჩავარდეს. დაუშვებელია საბჭოს ამ შემადგენლობის, კლანის მიერ წარდგენილი სიიდან, თუნდაც ერთი კანდიდატის შეშვება უზენაეს სასამართლოში, ვინაიდან ხელისუფლების მიზანი სწორედ ესაა, ბოლომდე გააკონტროლოს უზენაესი სასამართლოს წევრთა პალატა. არსებობს ინფორმაცია, რომ „ოცნება“ აპირებს შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობის, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების ფონზე, გააპაროს მოსამართლეთა სია.
მაშინ, როდესაც მთელი საზოგადოება მობილიზებულია პროპორციულ-მაჟორიტარულ არჩევნების თემასთან დაკავშირებით და პორალიზებულია საშინლად, მაშინ, როდესაც კარასინმა დაანონსა რუსული კულტურის ცენტრის გახსნა, ამ ფონზე არსებობს შესაძლებლობა, რომ „ოცნებამ“ დაიწყოს კანდიდატების განხილვები და დამტკიცება. დაუშვებელია ერთი კანდიდატის შეშვებაც კი უზენაეს სასამართლოში. მთავარი, რაც ამ სიის შემადგენლობას აერთიანებს არის ის, რომ არც ერთ კანდიდატს არასოდეს არ ამოუღია ხმა სისტემის წინააღმდეგ. ეს კანდიდატები ყველანი არიან კომფორტული „ქართული ოცნებისთვის“, – განაცხადა ანა დოლიძემ
ანა დოლიძე ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის ხელის შეშლას კანონიერი გზებით შეეცდება.
„ვაპირებ, არ დავუშვა ამ გადაწყვეტილების მიღება. ვაპირებ, მოვახდინო საზოგადოებრივი ყურადღების მობილიზება. ნუ გაწირავთ მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოსთვის თქვენს შვილებსა და შვილიშვილებს. ვმობილიზდეთ და მაქსიმალური წნეხი განვახორციელოთ პარლამენტარებზე ამ თემის ირგვლივ“,- განაცხადა ანა დოლიძემ.