ანა დოლიძე - „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ შემოთავაზებული სასამართლო რეფორმის იდეები იგივეა, რაც თენგიზ კიტოვანის მიერ დაცული კანონიერი ხელისუფლება
„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ პირველ რიგში უნდა გამობრძანდნენ და მოყვნენ, როგორ შეექმნა ის უნდობლობა და კრიზისი სასამართლო ხელისუფლებას, რომელსაც ახლა ებრძვიან, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ ოპოზიციური პარტიების მიერ სასამართლო რეფორმის შესახებ გაფორმებულ მემორანდუმზე კომენტირებისას განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ შემოთავაზებული სასამართლო რეფორმის იდეები იგივეა, რაც თენგიზ კიტოვანის მიერ დაცული კანონიერი ხელისუფლება. „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ ვთავაზობ, ისარგებლონ მამხილებლის დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით. პირველ რიგში, გამობრძანდნენ და მოყვნენ, როგორ შეიქმნა პრობლემები სასამართლოში და თავად როგორ შეუწყვეს ხელი იმ კლანის ჩამოყალიბებას, რომელსაც ახლა ებრძვიან. იდეები, რომლებსაც წარმოადგენს ეს ორივე მოძრაობა, არაერთხელ იყო განხილული საჯარო სივრცეში. შეიძლება, ითქვას, ამ იდეებს შორის ახალი არაფერია და რაც მთავარია, ამ თემასთან დაკავშირებით იმ ადამიანების ნდობა, რომლებმაც ეს იდეები წარადგინეს, მინიმალურია. „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ პირველ რიგში უნდა გამობრძანდნენ და მოყვნენ, როგორ შეექმნა ის უნდობლობა და კრიზისი სასამართლო ხელისუფლებას, რომელსაც ახლა გამობრძანდნენ და ებრძვიან“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს სასამართლო რეფორმის შესახებ ხუთპუნქტიან მემორანდუმს მოაწერეს ხელი.