ანა დოლიძე - საჭიროა უზარმაზარი წნეხი, რომ იუსტიციის საბჭოს ძალიან გაუჭირდეს „კოლექტიური მურუსიძეების“ გაყვანა
გადავარჩევთ ხალხს, ვინც ბრძოლაში იყო სწორ მხარეს, – ასე გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევად, კანონით დაკისრებული მოვალეობის შესრულების საკითხს.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს მეოთხე საკითხად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევად განაცხადების ფორმაზე მსჯელობა არის დაგეგმილი.
ანა დოლიძეს მიაჩნია, რომ დღევანდელი მსჯელობა არის ფორმალური, რადგან კანონი არ გამორიცხავს ე.წ. კლანის ინტერესებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში. ანა დოლიძის თქმით, ის საინფორმაციო კამპანიას იწყებს, რათა ყველა დაინტერესებული პირი ჩაერთოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში.
„ყველაფერი, რაც ამ ეტაპზე მოხდება საბჭოში, არის ფორმალური მხარე. კანონი არ ვარგა და ანიჭებს ისევ ამ კლანს სრულ უფლებამოსილებას, შეარჩიონ ის, ვინც უნდათ. თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დანარჩენი მოქალაქეები ჩავიქნევთ ხელს. ვფიქრობ, ეს არ მოხდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა იურისტი, ვისაც ადარდებს სასამართლოს ბედი, უნდა იყვნენ ამ პროცესში ჩართული, უნდა იყვნენ საბჭოში, შემოიტანონ კანდიდატურები. საჭიროა, იყოს უზარმაზარი წნეხი, რომ იუსტიციის საბჭოს ძალიან გაუჭირდეს „კოლექტიური მურუსიძების“ გაყვანა“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
ანა დოლიძე მოუწოდებს პარტია „ქართული ოცნებიდან“ იმ პირებს, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა დამტკიცებისას, ნუ გაითვალისწინებენ ჩინჩალაძე-მურუსიძის ინტერესებს.
„მოლოდინი მაქვს შემდეგი – „კოლექტიური მურუსიძის“ გაყვანა უზენაეს სასამართლოში „ქართულ ოცნებას“ ძალიან ძვირი დაუჯდება, ეს მათ რეპუტაციაზე იმოქმედებს. ეს იქნება ისტორიული და ძალიან ძვირი ნაბიჯი. ყველა ნორმალურ ადამიანს „ქართულ ოცნებაში” მივმართავ, რომ ნუ ჩაყვება ჩინჩალაძე-მურუსიძეს. ახლა ხომ ვამბობთ, სისხლიანი 9 წელი და სათითაოდ გვყავს ჩამოთვლილი ის ხალხი, ვინც არ იყო ბარიკადებზე თავის დროზე. აი, ასე გადავარჩევთ ხალხს, ვინც იყო სწორ მხარეს ამ ბრძოლაში. სწორი მხარე არის დამოუკიდებელი, სამართლიანი სასამართლო“, – განაცხადა ანა დოლიძემ.