ანა დოლიძე მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტის დირექტორის გადადგომას ითხოვს
ანა დოლიძე მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტის დირექტორის გადადგომას ითხოვს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტის დირექტორის, თინათინ აბრალავას გადადგომას ითხოვს.

როგორც დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა, დეპარტამენტის დირექტორი არის პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ვანო ზარდიაშვილის მეუღლე და პარტია „ქართული ოცნების“ წევრის, მამუკა მდინარაძის ნათესავი.

ანა დოლიძეს მიაჩნია, რომ არსებობს საფრთხე, როდესაც ისეთი მნიშვნელოვანი თანამდებობის პირი, როგორიც არის მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტის დირექტორი, არის თანამდებობის პირთა ნათესავი. მისივე თქმით, აღნიშნული დეპარტამენტი ფლობს ინფორმაციას მოსამართლეთა შესახებ.

„როგორც საბჭოს წევრისთვის, ცნობილი გახდა, რომ მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტის დირექტორი არის პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ვანო ზარდიაშვილის მეუღლე. ამავე დროს, არის ფრაქციის თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის ნათესავი. ეს ძალიან დიდ ზიანს აყენებს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს, რადგან მოსამართლეების შეფასების დეპარტამენტში გროვდება მთელი ინფორმაცია, საბჭოს წევრები როგორ აფასებენ მოსამართლეებს, მოსამართლეების ფინანსური და პირადი ცხოვრების შესახებ, რას ვფიქრობთ ჩვენ მოსამართლეებზე. დეპარტამენტის დირექტორი ესწრება ყველა გასაუბრებას.

მჭიდრო ნათესაური კავშირი დეპარტამენტის დირექტორის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ პოლიტიკურ ჯგუფთან და თანამდებობის პირებთან, აჩენს ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს, რომ შეიძლება მოხდეს პროცესის პოლიტიკური მანიპულირება. საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მიხედვით, საჯარო მოხელე ვალდებულია, მოიქცეს ისე, რომ შეინარჩუნოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, რაც ამ შემთხვევაში, გამორიცხულია. ყველასთვის უმჯობესია, კანონის შესაბამისად მან დატოვოს თანამდებობა და კონკურსის წესით ღიად ავირჩიოთ ახალი ადამიანი“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც საბჭოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ ექვს საკითხს განიხილავენ.

განსახილველ საკითხებს შორის არის სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის პრეზენტაცია, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას ეხება. საკითხზე მომხსენებელი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეა.

გარდა ამისა, საბჭო ივნისის თვეში მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებაზეც იმსჯელებს.